ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, პოლიტპატიმარ ჟურნალისტის მზია ამაღლობელის განაჩენი, 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა. მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი იყო. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები – მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. სააპელაციოში პროკურატურას პროკურორები თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე წარმოადგენდნენ. ისინი ბრალის დამძიმებასა და სულ მცირე 4 წლით პატიმრობას ითხოვდნენ.
6 აგვისტოს მოსამართლე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიტიკურ პატიმარს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სახელაშვილმა ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.




