: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
„პერპეტუუმ-ბანანა“, ანუ წარსული ცოდვების მუდმივი ცირკულაცია
—————————————–
რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა რუსულენოვანმა ამერიკელმა ბლოგერმა, სერგეი ლუბარსკიმ გაიხსენა როგორ უწინასწარმეტყველა 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უკრაინელებს. – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო -.
ასეც მოხდა.
ძირფესვიანი რეფორმების ჩატარება უკრაინელებმა ვერ შეძლეს. რუსული საბჭოთა მენტალიტეტით გადაგვარებულმა საზოგადოებამ კათარზისი ვერ მოახერხა. პოტენციურად ევროპის ერთერთმა ყველაზე მდიდარმა და მძლავრმა სახელმწიფომ, რომელსაც თუნდაც პოლონეთთან შედარებით განუზომლად უფრო დიდი რესურსები გააჩნია, წესიერი ეკონომიკა ვერ შექმნა. პოლონელებმა გაუძლეს შოკურ თერაპიას, ბოლომდე ამოიგლიჯეს რუსული სიმსივნე მენტალიტეტიდან და დღეს ცხოვრების დონით უკვე გერმანიას უახლოვდებიან. კი …
ძალიან სერიოზულ სკანდალშია ამჟამად. პრეზიდენტ ზელენსკის მთელი უახლოესი გარემოცვა მრავალმილიონიან ფინანსურ სკანდალშია გახვეული.
ფაქტია რომ უკრაინის სპეციალურმა საგამომძიებლო ორგანომ – NABU, რომელიც ამერიკული FBI-ის მიერაა გაწვრთვნილი და ამჟამად ნაწილობრივ მათ მიერ ფინანსდება, სპეციალური დავალება მიიღო გადამწყვეტი მოქმედებებისათვის.
რამდენადაც არ უნდა შეეცადოს პრეზიდენტი ზელენსკი ამ სკანდალიდან დისტანცირებას, ფაქტია რომ იგი ერთხელ უკვე შეეცადა NABU-ს დამოუკიდებლობის გაუქმებას და შემდეგ, მაიდანის ახალგაზრდული პროტესტის გამო სასწრაფოდ უკან გაიწვია კანონი. ამ ფაქტმა ასევე აჩვენა, რამდენად კორუმპირებულია უკრაინის რადაც, რომელმაც ორ დღეში ორი, დიამეტრულად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ NABU-ს გააქტიურება ამერიკაში მიმდინარე მოვლენებთან არის მჭიდრო კავშირში. კერძოდ, ეპშტეინის ფაილების შესახებ დემოკრატების აქტიურობას რესპუბლიკელებმა ექს-პრეზიდენტი ბაიდენის და მისი შვილის ფინანსური მაქინაციების გამოძიებით უპასუხეს. როგორც მოგეხსენებათ, ჰანტერ ბაიდენს ძალიან საეჭვო კავშირები ჰქონდა უკრაინის კორუმპირებულ წრეებთან. მიუხედავად წინასწარი შეწყალებისა, მაინც არსებობს იურიდიული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ჰანტერ ბაიდენს ბრალს წაუყენებენ; და არამარტო მას, მამამისსაც.
როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინული სკანდალის გამოძიება, ზელენსკის ავტორიტეტი შეუქცევლად შერყეულია მთელ მსოფლიოში. ის უბრალოდ ვერ შეძლებს თავისი უახლოესი მეგობრებისა და პარტნიორებისაგან დისტანცირებას. ამასთან, სერიოზული საფრთხე ემუქრება უკრაინისათვის გადასაცემ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებებსაც, რადგან მსგავს კორუფციულ გარემოში ნებისმიერი დასავლური სახელმწიფო მოერიდება ზელენსკისთან საქმის დაჭერას. ასეთ სიტუაციაში ყველაზე გონივრული იქნებოდა პრეზიდენტის გადადგომა, მაგრამ ძალიან საეჭვოა რომ ამ ეტაპზე ეს მოხდეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთთან რეალური ომი სინამდვილეში რუსული მენტალიტეტიდან გათავისუფლებას გულისხმობს. რუსული მენტალიტეტი კი გულისხმობს კორუფციას, ანუ უბრალოდ ქურდობას. რუსული სახელმწიფო აპარატი აგებულია სიცრუეზე, სიყალბეზე და ძარცვაზე.
სწორედ ამ მიზეზის გამო უწოდებენ „ქართულ ოცნებას“ რუსებს პროტესტანტი ქართველებიც. როგორც ვნახეთ, „ოცნების“ მთავრობა ძირფესვიანად კორუმპირებული აღმოჩნდა, დაწყებული ყოფილი პრემიერ-მინისტრიდან და დამთავრებული ნაირ-ნაირი მინისტრებითა და მინისტრის მოადგილეებით. სქემა მარტივია. ყველას ეძლევა კორუფციულ სქემებში მონაწილეობის უფლება დაუსჯელად მანამ, სანამ პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნიათ და სანამ პატიოსნად იხდიან სავალდებულო შესატანს პარტიულ სალაროში. პრობლემა ის არის, რომ დიდი ფული უკონტროლო სიხარბეს და პოლიტიკურ ამბიციებს ერთნაირად აღვიძებს და საბოლოოდ ყველას ერთი ბედი ელის; თუმცა, ახალ-ახალი კადრები ისეთივე ბრმა ჟინით მიიწევენ მთავრობაში დასაწინაურებლად, როგორც ვირთაგვები წებოვანი ქაღალდის ცენტრში მოთავსებული მოხალული ნიგვზისაკენ, მიუხედავად ამ ქაღალდზე უკვე დაწებებული და უმწეოდ მოფართხალე მეგობრებისა.
თუკი რუსებთან ეგზისტენციურ, კონვენციურ ომში დაპირისპირებულმა უკრაინამ ვერ მოახერხა რუსული მენტალიტეტისაგან გათავისუფლება, რა შანსი აქვს საქართველოს ამისათვის? მოვახერხებთ ამ ყველაფრის გააზრებას და ჩვენ მაინც შევძლებთ ერთ დღეს კახა ბენდუქიძის რჩევის გათვალისწინებას?
შეუძლებელია ამ კითხვაზე ამჟამად პასუხის გაცემა. თუ საქართველო მოახერხებს გარდამავალი მთავრობის შექმნას რამდენიმე წლით, რომლის დროსაც შესაძლებელი გახდება წარსულ „პოლიტიკაში“ გაუსვრელი პირების მიერ ახალი პარტიების შექმნა და შემდეგ მათგან ნეო-ქართული სახელმწიფო მენტალიტეტის მქონე მთავრობის ჩამოყალიბება, მაშინ ქვეყანას შანსი გაუჩნდება დაუსხლტეს სამუდამო „ბანანიზმს“.
თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ „ათას ღობეზე“ გადამხტარ ქართველ პოლიტიკოსებსაც ისევე წამოეწევათ თავიანთი ცოდვიანი წარსული, როგორც უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტს. ასეთია მუდმივი ბანანა-რესპუბლიკების არსებობის ბაზისური პრინციპი.