რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა იმსჯელეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განუცხადა Axios-ს. წყარომ დაუდასტურა გამოცემას, რომ დმიტრიევმა ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან შეხვედრაზე განიხილა.
აშშ-ში დმიტრიევის ვიზიტის დროს, რომელიც 24-26 ოქტომბერს გაიმართა, დღის წესრიგში იყო პატიმრების შესაძლო გაცვლა. Axios-ის წყაროს ცნობით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ახალი გაცვლა იქნება კეთილი ნების გამოვლინება და ქვეყნებს შორის ნდობას გააძლიერებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიური იყო, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
არცერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პატიმრები შეიძლება შედიოდნენ შესაძლო გაცვლის სიებში. ამჟამად რუსეთში მინიმუმ რვა ამერიკელია დაპატიმრებული.
წელს, რუსეთმა გაათავისუფლა ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის მსჯავრდადებული ამერიკელი პატიმარი მარკ ფოგელი და ღალატისთვის მსჯავრდადებული ქსენია კარელინა. სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ვინნიკი, რომელსაც ბრალი ედებოდა კრიპტოვალუტის ბირჟის, BTC-ის მეშვეობით ფულის გათეთრებაში, და არტურ პეტროვი, რომელიც 2023 წელს დააკავეს კვიპროსში შეერთებული შტატების მოთხოვნით, სანქციების დარღვევით რუსეთისთვის მიკროელექტრონიკის მიწოდების ბრალდებით.
პატიმრების გაცვლის ფარგლებში ასევე გაათავისუფლეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და კალათბურთელი ბრიტნი გრინერი.




