„ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებისგან, ვინც დღეს საქართველოს კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს და ევროატლანტიკური კურსის ნაცვლად საქართველოს სულ სხვა მიმართულებით მიაქანებს, ნამდვილად არ მივიღებ შენიშვნებს, მითუმეტეს ტყუილს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას, რომლებიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
გიგი წერეთლის განცხადებით, ვერ ნახავენ ვერცერთ სიტყვასა თუ განცხადებას, სადაც მას ეთქვას, რომ რეზოლუცია მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ.
მისივე თქმით, რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციამ მიიღო და იგი სულისკვეთებით არ განსხვავდება რამდენიმე თვის წინ პორტუგალიაში ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ოფიციალური რეზოლუციისგან.
„იმ ხალხისგან, ვინც ტყუილს სიმართლედ ასაღებს- კონსტიტუციის დარღვევას, პოლიტიკურ რეპრესიებს, თავისუფალი არჩევანის წართმევას ევროპულ გზაზე სვლად აცხადებს, არაფერი მიკვირს.
დამდგარან დღეს და სხვადასხვა კონტექსტში მახსენებენ მე, რომ რაღაცას ვამახინჯებ, რაღაც ფანდებია, თითქოს რაღაც სხვა რეზოლუციაა და სხვა რეზოლუციად ხდება მისი გასაღება. ეს ის ხალხია, რომელიც მთელი ეს პერიოდია შავზე თეთრს ამბობს და თეთრზე შავს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ და უზარმაზარი დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ევროპული მომავალი. რა პრეტენზიები აქვთ ამ ადამიანებს? ერთ სიტყვას ან განცხადებას თუ ნახავენ, სადაც ვთქვი მე, რომ რეზოლუცია მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. არ არსებობს ბუნებაში. მე ძალიან კარგად ვერკვევი, ძალიან კარგად ვიცი და ასეთ შეცდომებს არ ვუშვებ.
მე არ გამიკეთებია ეს განცხადება. ეს იყო არა ოფიციალური რეზოლუცია ევროპის საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თუ ჯგუფის რეზოლუცია. რა არის აქ მოულოდნელი? არსებით საკითხებზე არ საუბრობენ იმიტომ, რომ არ სიამოვნებთ, არ არსებობსო ხომ არ იტყვიან, ამიტომ პროცედურულ საკითხებს ჩაეჭიდნენ. ესეც ტყუილია. არ არსებობს განცხადება, რომელიც მე დამიკავშირდება ამ მიმართულებით.
ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის განცხადება, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მოქმედი ჯგუფის. რაც შეეხება თვითონ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ პორტუგალიაში და ძალიან კარგად იციან როგორი მწვავე და კრიტიკული განცხადება იყო, სულისკვეთებას შორის დიდი განსხვავება არ არის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოეხმაურნენ. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, „EPP-მ რეზოლუცია მიიღო და ეუთო-ს ფორმატში მიღებულია რეზოლუცია – ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია“.
„მავნებლობის სხვა ფორმაა, აბსოლუტურად ახალი, „ნოუჰაუ“. ალბათ, გამოცდილმა გიგი წერეთელმა გაუზიარა თავისი ცოდნა შედარებით ახალგაზრდა თაობას. გიგი წერეთელი დიდი ხანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სივრცეში მუშაობს და ალბათ, იცის ეს ფანდები, როგორ შეაცდინოს ქართული საზოგადოება. უბრალოდ, არ ეკადრება. სირცხვილია. სირცხვილია განსაკუთრებით გიგი წერეთელისგან. სხვა წონა აქვს მას, მოუხედავად მისი ოპოზიციური შეხედულებებისა. მის მიმართ განწყობა ყოველთვის იყო, რომ მწვავე ოპოზიციონერია, მაგრამ სერიოზული ადამიანი და ასეთ მავნე ქმედებებს არ ჩაიდენს. დაეშვა, გადავიდა, თინა ბოკუჩავა და ლევან ხაბეიშვილი გახდა გიგი წერეთელი, გადაიქცა [ბოკუჩავად და ხაბეიშვილად]“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.




