ადვოკატის დასკვნითი სიტყვა: მე წარმოვადგენ ადამიანის, რომლის ვარსკვლავი დეკემბერში ევროპარლამენტის წინ გაიხსნება

“მე წარმოვადგენ ადამიანის, რომლის ვარსკვლავი დეკემბერში ევროპარლამენტის წინ გაიხსნება” – ამ სიტყვებით მიმართა  “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დაფუძნებლის ადვოკატმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას.

მაია მწარიშვილმა, რომელმაც სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თქვა, რომ მზიას სისხლის სამართლის საქმე ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგის ნაწილია.

უფლებადამცველმა სააპელაციოს მოსამართლეთა კოლეგიას უთხრა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლე ნინო სახელაშვილის დასაბუთება დაცინვაა და სხვა არაფერი.

როდესაც ევროპის უმაღლესი ინსტიტუციები საქართველოს მოქალაქეს სინდისის პატიმრად აღიარებენ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა – არის კი საქართველო სამართლებრივი სახელმწიფო? – თქვა სასამართლო პროცესზე მწარიაშვილმა.

ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ მზია ამაღლობელს არ გააჩნია ძალაუფლება, არასოდეს ყოფილა კორუმპირებული, არასოდეს მიუღია უკანონო შემოსავალი არავისგან და არც მილიონიანი ბინა ჰქონია – “ვერასოდეს გადაიხდიდა ამხელა გირაოს”.

„პირველ ინსტანციაში წარმოვადგენდი მზია ამაღლობელს, სანიმუშო მოქალაქეს, სანიმუშო ადამიანს, ჟურნალისტს, მედიამენეჯერს, ადამიანს, რომლის მიერ უანგაროდ განხორციელებულ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეთა ჩამოთვლას გვერდების წაკითხვა მოვანდომე.

წარმოვადგენდი ადამიანს, რომელიც მტკიცედ, ურყევად ემსახურებოდა მის პროფესიულ ღირებულებებს და ანგარიშვალდებულებებს საზოგადოების წინაშე.

წარმოვადგენდი ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ გადაეცა არაერთი პროფესიული ჯილდო პროფესიისადმი ურყევი სამსახურისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის.

წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის მედია ორგანიზაციას გადაეცა ჯილდო „პრესის თავისუფლებისათვის – სიგნალი ევროპას“ როინ შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებასა და გაშუქებაში შეტანილი საგანგებო წვლილისა და პროფესიული სიმამაცისათვის.

მზიას მედიაგამოცემის ნამუშევარი მტკიცებულებად დაერთო შავაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში.

მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომელიც იბრძოდა ე.წ „ფოტოგრაფების“ საქმეზე და მან გაცილებით ადრე, ვიდრე დააკავებდნენ, ამხილა სუს-ის ის თანამშრომელი, რომელიც შემდეგ პასუხისგებაში მიეცა ამ საქმეზე, ვგულისხმობ დავით დევნოზაშვილს.

იმ საშიშ დროში (როგორც უყვართ ხოლმე მოხსენიება) კონსტიტუციით ხელში დაადგა თავზე და უკითხავდა მუხლებს კონსტიტუციიდან.

მათი უმრავლესობა, ვინც დღეს სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურის ორგანოებში საქმიანობს თავს კომფორტულად გრძნობდა იმ სისტემაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის რუსულენოვანი მედიაგამოცემა აკრძალა რუსულმა „როსკომნადზორმა“ ანტისაბჭოთა აგიტაციის გამო.

მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში იცავდა ყველაზე მოწყვლადი, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მოხუცების, მოსწავლეების, ეკომიგრანტების, განათლების მიღების მსურველთა უფლებებს.

მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის უშუალო ხელშეწყობით, ინიციატივით აჭარის მაღალმთიან სოფლებში განახლდა 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა.

მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის უშუალო ინიციატივით და ხელშეწყობით აჭარაში გამოიცემოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ბეჭდვითი გამოცემები წიგნების სახით, ხდებოდა უნიკალური ფოტომასალის მოძიება.

მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის ინიციატივით განხორციელდა არაერთი საქველმოქმედო პროექტი, ის უბრალოდ ეხმარებოდა გაჭირვებულ ბავშვებს, უსახლკაროდ დარჩენილებს, ცხოვრების, მომავლის შანსს და იმედს აძლევდა.

აი, ამ ადამიანს წარმოვადგენდი.

ამ ჩამონათვალიდან სასამართლომ განაჩენში მიუთითა ნული, არაფერი. ისიც კი არ მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტია. ასაკიც კი არ მიუთითა, რომ უკვე 50 წლისაა და პატარა გოგო აღარ არის.

თითქოს ვიღაც ვიგინდარას, უისტორიოს, უსაქმურს ასამართლებდა, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი უკეთებია და ბედის უკუღმართობით მხოლოდ იმ მიტინგზე აღმოჩნდა და ისიც იმიტომ, რომ დგებუაძისათვის სილა გაელაწუნებინა.

სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის დასაბუთების ნაწილში იცით რა მიუთითა?

„სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას და საზოგადოებაში მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის ადექვატურ სასჯელად მიიჩნია მზიას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

აი, ამ განაჩენს ვასაჩივრებთ, რომელიც ამბობს, რომ მზიას პატიმრობა საჭიროა ამ საზოგადოებაში მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის.

დაცინვაა ეს დასაბუთება ბატონო მოსამართლეებო.

დღეს წარმოვადგენ მზიას, რომელიც არის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის ლაურეატი. მას ეს უმაღლესი ჯილდო გადაეცა ადამიანის უფლებათა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის.

დეკემბერში ევროპარლამენტის წინ გაიხსნება მისი ვარსკვლავი.

მზიას სისხლის სამართლის საქმე ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგის ნაწილია. ამას აღარაფერი წაშლის.

პატივცემულო მოსამართლეებო,

სახაროვის ეს და სხვა ასეთივე პრიზები, მხოლოდ პრესტიჟი არ არის, ესა არის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება.

როდესაც ევროპის უმაღლესი ინსტიტუციები საქართველოს მოქალაქეს სინდისის პატიმრად აღიარებენ,  ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა – არის კი საქართველო სამართლებრივი სახელმწიფო?

ამ კითხვაზე პასუხი დღეს თქვენი ხვედრი და პასუხისმგებლობაა.

დიახ, დღეს მე წარმოვადგენ მზიას, რომელსაც არც გააჩნდა და არც გააჩნია ძალაუფლება;

არასოდეს ყოფილა კორუმპირებული, არასოდეს მიუღია უკანონო შემოსავალი არავისგან;

მისი ბინა არ ღირს მილიონი და ვერასოდეს გადაიხდიდა ამხელა გირაოს მისი ქონებით; (მისი ბინა სავარაუდოდ 100 000 ლარზე მეტი არ ღირს, რადგან მხოლოდ ამის შეთავაზება შეძლეს ადვოკატებმა მისი თავისუფლების სანაცვლოდ, რაც ცხადია, არ გაითვალისწინა სასამართლომ)მას არასოდეს უცხოვრია ფუფუნებაში; არასოდეს ჰქონია ძვირფასი მანქანები, ნივთები, ხელოვნების ნიმუშები; არასოდეს დაურღვევია კანონი, გზაც კი არ გადაუკვეთავს იქ, სადაც აკრძალულია; მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ 1 უკანონო თეთრსაც კი ვერ ნახავდნენ;

დიახ, მას დაეკარგა მხედველობა, რაც სახელმწიფოს და ამავდროულად სასამართლოს პასუხისმგებლობაა.

დიახ, მას ახასიათებს გადაჭარბებული კეთილსინდისიერება (რისი აღნიშვნაც კი გაუჭირდა სასამართლოს) და აქვს 1 სამუშაო ოთახში „ბათუმელების“ ოფისის მე-4 სართულზე და არის 2 სანდო და მაღალი რეპუტაციის მედიაგამოცემის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ მენეჯერი.

იმედია, ეს სასამართლო ამ უდავო გარემოებებს მიუთითებს და გაითვალისწინებს კიდეც”, – თქვა მაია მწარიაშვილმა.

  • შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მწარიაშვილის სიტყვას ნეტგაზეთის ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება – ის სავარაუდოდ, 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება

გია ვოლსკი – EPP-იმ რეზოლუცია მიიღოო ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია, მავნებლობის სხვა ფორმაა ეს, „ნოუჰაუ“ – გიგი წერეთელი თინა ბოკუჩავად და ლევან ხაბეიშვილად გადაიქცა