იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს, სადაც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, საქართველოს მოქალაქის გარდა, გემზე იყო უკრაინის 20 მოქალაქე და ფილიპინების სამი მოქალაქე. ყველა მათგანი ჯანმრთელი და უვნებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, გემი ისრაელისკენ მიემართებოდა რა დროსაც იგი ჰუსიტების რაკეტის სამიზნე გახდა. ხომალდი დაზიანდა, თუმცა მან მოძრაობის გაგრძელება მაინც შეძლო.
ჰუსიტების დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, გემის ეკიპაჟი “გაფრთხილებას არ დაემორჩილა”.
“ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟი გაფრთხილებას არ დაემორჩილა. იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გადაწყვეტილების განხორციელებას წითელ და არაბეთის ზღვაში ისრაელისკენ მიმავალი გემების დაბლოკვის შესახებ, სანამ არ შეწყდება ომი ღაზას სექტორში”, – თქვა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა.
შემთხვევა 16 იანვარს მოხდა. გამოცემა არ აკონკრეტებს, ახლა სად იმყოფება დაზიანებული გემი.