ავტორიტარიზმს ამყარებენ და ყველა სამიზნე ჯგუფზე არის შეტევა – ნებისმიერი თავისუფლების კუნძული, ნებისმიერი საფრთხე განეიტრალებული უნდა იყოს, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ ემიგრანტებში 13% აიღო, ეს მათთვის „სილის გაწვნა“იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ემიგრანტებისთვის „ქართველობა აეკრძალათ“.
„ახლა თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ზოგიერთს მოლოდინი არ ჰქონდა და ამიტომაცაა შოკირებული. 2024 წლამდე მცოცავი ავტორიტარიზმი იყო ქვეყანაში, ამიტომ გადაწყვეტილებები მეტ-ნაკლებად პრაგმატული და რაციონალური იყო, ახლა ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ამიტომ ნებისმიერი თავისუფლების კუნძული, ნებისმიერი საფრთხე განეიტრალებული უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციაა? უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც მათ ფინანსურად მოახრჩობს და ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ. თუ ოპოზიციურ პარტიებს ისეთი მხარდაჭერა აქვთ, რომ კონკურენტებად უნდა აღვიქვათ, მაშინ უნდა გავაუქმოთ.
13% ქართულ ეკონომიკაში ემიგრანტების წვლილი. ისინი ინახავენ ქართულ ოჯახებს, რამდენი ადამიანია ფინანსურად დამოკიდებული ემიგრანტებზე და საქართველო რამდენადაა დამოკიდებული. ამ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ თქვენ ისევ უნდა იყოთ წამყვანი ძალა ქვეყნის ეკონომიკის? ეკონომიკურად ქვეყნის ცხოვრებაში ამხელა წვლილი უნდა შეიტანონ და პოლიტიკურად წვლილი არ უნდა ჰქონდეთ, უნდა აუკრძალონ?
13% აიღო „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში და კარგად იცის, რომ მომავალში რომ ჩატარდეს არჩევნები, რა თქმა უნდა ნაკლებს მიიღებენ. 13% უჭერს „ქართულ ოცნებას“ მხარს და ეს იმდენად მკაფიო და დემონსტრაციული სილის გაწვნა იყო ქართველი ემიგრანტების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომ ამ ხალხს უარი უთხრა ქართველობაზე. ქართველობას უკრძალავენ ემიგრანტებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.




