საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 18 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში მასპინძელ ჩეხეთს შეერკინება. პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ თამაში საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ევროპის მიჯრით 6-გზის ჩემპიონმა საქართველომ, 1/4-ფინალში პოლონეთს 10 ლელო გაუტანა და 64:7 დაამარცხა, ჩეხეთმა კი შარშანდელის მსგავსად წელსაც სძლია პორტუგალიას – 29:26.
წინა თამაშის შემდეგ გუნდში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განხორციელდა. პოლონეთთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში უნდა დაეწყოთ ფულბეკ დავით არობელიძეს და ცენტრ დათა ახვლედიანს, თუმცა ბოლო მომენტში ისინი ლუკა ჭაკუამ და გიორგი მუშკუდიანმა შეცვალეს. ამჯერად არობელიძე და ახვლედიანი ძირითადში არიან. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა მუშკუდიანმაც, ხოლო ლევან ბუცხრიკიძემ ცენტრიდან მგეზავად გადაინაცვლა. კვლავ დამწყებთა შორის არიან ჰავბეკი გოგა უშვერიძე და ფრთები – ლუკა ტაბატაძე და ავთანდილ ზვიადაძე.
სამი ცვლილებაა შერკინებაში. ჩეხეთთან თამაშს იწყებენ ბურჯი საბა მშვილდაძე, ასევე მესამეხაზელები გიორგი არძენაძე და ლუკა შულაია. სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა წიკლაურმა, ბურჯმა გიორგი ბერძენიშვილმა, მეორეხაზელებმა ანდრია ბილანიშვილმა და ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ასევე მესამეხაზელმა გიორგი ქევანიშვილმა.
დებულების თანახმად, განაცხადში პრაღაში მყოფი 26-ივე მოთამაშეა და შესაბამისად, ყველა მათგანს ექნება ჩეხებთან თამაშის შესაძლებლობა.
მეორე ნახევარფინალში ესპანეთი ნიდერლანდებს შეხვდება, ფინალური მატჩები კი 22 ნოემბერს გაიმართება.
2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
ნახევარფინალი. 18 ნოემბერი. 21:30 საქ. დრო
საქართველო – ჩეხეთი
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი არძენაძე (ფოთი), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. ლუკა შულაია (ლელო).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
ესპანეთი – ნიდერლანდები
V-VIII ადგილებისთვის
პოლონეთი – პორტუგალია
ბელგია – გერმანია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო




