2026 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ბრუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა.
Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
Condor Airlines-ის დაბრუნება ავიაბაზარზე განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ მუდმივად მიდის პროაქტიული მუშაობა, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოში ფრენების დაწყებით.
ამჟამად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოდან გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. 2025 წლის იანვარი – ოქტომბერში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა და 2025 წლის იანვარი – სექტემბერში 65,968 ვიზიტორი ეწვია.
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2025 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია 60 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს




