საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის, ჰიონ დუ კიმის განცხადებით, სხვადასხვა სფეროში ურთიერთგაცვლის ზრდისა და კორეაში ქართველი ვიზიტორების რაოდენობის მატებასთან ერთად, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ორმა ქვეყანამ ვიზის გამარტივების შესახებ შემდგომი დისკუსია გამართოს. იქამდე კი, დიპლომატის ინფორმაციით, ხელმოსაწერად უკვე მზადაა ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება.
როგორ აფასებს საქართველოში საინვესტიციო გარემოს, რა გამოწვევებს ხედავს და როგორ მუშაობს კორეის საზოგადოების, მათ შორის ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების საქართველოს პოტენციალით დაინტერესების მიმართულებით? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ კორეის რესპუბლიკის ელჩს ესაუბრა.
– როგორც ვიცით, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 33 წლის წინ დამყარდა. კორეამ თბილისის ოფისი ჯერ კიდევ 2015 წელს გახსნა, მაგრამ მხოლოდ გასული წლის ნოემბერში გადაწყვიტა საქართველოში სრულფასოვანი საელჩო ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, მსურს გკითხოთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია კორეის რესპუბლიკისთვის და რატომ ახლა?
– საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ მტკიცე ურთიერთობა უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს, მჭიდროდ თანამშრომლობენ ორმხრივად და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს მრავალმხრივ უჭერენ მხარს. საქართველოში არსებული საელჩოც სრულფასოვანი საელჩო ორ ქვეყანას შორის მზარდი ურთიერთობის დასაკმაყოფილებლად და ორმხრივი პარტნიორობის გასაძლიერებლად გახდა.
ამჟამად, ჩვენი ორი ქვეყანა მუშაობს ისეთი ინსტიტუციური ზომების მიღებაზე, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალ პარტნიორობას, კერძოდ, ეს არის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება (Comprehensive Economic Partnership Agreement) და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება. ორივე მათგანი უკვე შეთანხმებულია და მზად არის ხელმოსაწერად. ველით, რომ მსგავსი ინსტიტუციური ზომები შექმნის ბაზას ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მომავალი ზრდისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკური კავშირებისა და პარტნიორობის განსამტკიცებლად.
– დიდი ალბათობით, უკვე გქონდათ შესაძლებლობა, გემოგზაურათ საქართველოში. ჩვენი ქვეყნის შესახებ მცირე წარმოდგენა მაინც გექნებათ. პირველ რიგში, რამ მიიქცია თქვენი ყურადღება? თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება, რა არის ყველაზე მიმზიდველი, ერთი მხრივ და რა გამოწვევებს წააწყდით, მეორე მხრივ?
– მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მთიან ყაზბეგში ვიმოგზაურე და კახეთის მეღვინეობას ვეწვიე, ასევე, ვიყავი შავი ზღვის საპორტო ქალაქებში ბათუმში, ფოთსა და ანაკლიაში. ჩემი ყურადღება, ისევე როგორც საქართველოში მოგზაური ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, მთიანი რეგიონების სუნთქვისშემკვრელმა ხედებმა და ღვინის დაყენების მდიდარმა ტრადიციამ მიიქცია. საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილს, უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მისი ღვინო და კერძოდ, ღვინის დაყენების ტრადიცია, მაგნიტის როლს უნდა ასრულებდეს, რათა დანარჩენი მსოფლიო მეტი ენთუზიაზმით მოეკიდოს.
საპორტო ქალაქებში ვიზიტმა, ასევე, წარმოაჩინა მზარდი სატრანსპორტო/ლოჯისტიკური კავშირის პოტენციალი საქართველოსთან, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს.
რაც შეეხება გამოწვევას, ეს შეიძლება იყოს უცხოური ინვესტორების ყურადღების გამახვილება პოტენციური ეკონომიკური ბენეფიტების მიმართ, სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ-ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვის გზით და გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგების გაზიარებით. საქართველოს მთავრობა მუშაობს, რათა მსგავსი პროექტები უფრო მიმზიდველი იყოს და ყურადღების ცენტრში მოექცეს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მალე მათი სრული განხორციელება მოხდება.
– მოდით, ცოტა მეტი ვისაუბრო ტურიზმის შესახებ. პირველ რიგში, მსურს გთხოვოთ, უახლესი მონაცემები გაგვიზიაროთ – როგორია ვიზიტორების რაოდენობა კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში? ელით თუ არა ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას და როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ პროცესში ? ასევე, მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა კორეის რესპუბლიკაში ვიზის გამარტივებას?
– უკანასკნელ პერიოდში კორეიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 14 553-ს შეადგინა და გასულ წელს აღნიშნული რაოდენობა 80%-ით გაიზარდა, მიაღწია რა 26 075-ს. უკვე ამ წელს, იანვრიდან სექტემბრამდე არსებული მონაცემებით, კორეიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ უკვე შეადგინა 26 357, გადააჭარბა რა გასული წლის მონაცემებს და არსებული პროგნოზით, ეს რიცხვი 30 ათასს მიაღწევს ან გადააჭარბებს კიდეც.
ტურიზმისა და ადამიანებს შორის გაცვლის ზრდა ბიზნესებს მიიზიდავს აუთვისებელი ბაზრისა და შესაძლებლობების მოსაძებნად, რაც, თავის მხრივ, სხვა სფეროებში მეტ გაცვლას შეუწყობს ხელს.
როგორც კორეის ელჩი, მე ვმუშაობ ადამიანებს შორის ურთიერთგაცვლის მიმართულების გაფართოებაზე და ეს გულისხმობს არა მხოლოდ ტურიზმის სფეროს, არამედ განათლებას, კულტურას, ბიზნესს, საზოგადოებისთვის ისეთი პროგრამების გაცნობით, რომლებიც წარმოდგენილია კორეის ხელისუფლებისა და ორგანიზაციების მხრიდან და ასევე, ვმუშაობ კორეული ბიზნესისთვის საქართველოში ბიზნეს შესაძლებლობების წარდგენის მიმართულებით. სხვადასხვა სფეროში გაცვლის ზრდისა და კორეაში ქართველი ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რაც ამჟამად წელიწადში 15-18 ათასს შეადგენს, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ორმა ქვეყანამ ვიზის გამარტივების შესახებ შემდგომი დისკუსია გამართოს, რაც სასარგებლო იქნება ორმხრივი ურთიერთობისთვის.
– „ეკონომიკური პოტენციალის კუთხით, საქართველოს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია“ – ეს სიტყვები თქვენ გეკუთვნით, რომლითაც „ინტერპრესნიუსში“ გამოქვეყნებულ მოსაზრების სტატიაში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი აღწერეთ. როგორ აფასებთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ამჟამად არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობას? რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა და რა პოტენციალს ხედავთ ?
– კორეასა და საქართველოს შორის ვაჭრობა 2000 წლიდან სტაბილურად იზრდება და გასულ წელს 161 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ აღწევს თავისი პოტენციალის მაქსიმუმს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება საფუძველს და იმპულსს შექმნის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის.
კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, ხოლო საქართველოს ძლიერი მხარე ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებშია, ამიტომ ორი ეკონომიკის ურთიერთშემავსებელი ძლიერი მხარეების შესწავლა შესაძლებელია კომერციული საწარმოებისა და თანამშრომლობის სამომავლო მოთხოვნის შესაქმნელად.
ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, კორეის მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში გახსნა KOTRA-ს თბილისის ოფისი. KOTRA არის კორეის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ვაჭრობასა და ინვესტიციებს და მისი ოფისი აქ, რომელიც არსებითად კორეის საელჩოს კომერციული განყოფილების ფუნქციას ასრულებს, ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის დამაკავშირებელი არხის ფუნქციას შეასრულებს მათი საჭიროებების დასადგენად და სამომავლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მისი გახსნის ცერემონია მიმდინარე კვირას, 21 ნოემბერს გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს პოტენციალს, მისი სტრატეგიული მდებარეობისა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის გარდა, მე მჯერა, რომ საქართველო არის ერი, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს თავისი ისტორიული ტრადიციები, ბუნებრივი სილამაზე და კულტურული აქტივები „საქართველოს“ ბრენდად წარმოსაჩენად. ამგვარად საქართველოს შეუძლია გაზარდოს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიც არის ღვინო და სხვა ადგილობრივი წარმოების სიკეთეები და ამავდროულად, მიიზიდოს ისტორიებისა და კულტურული საზრდოს მაძიებელი უცხოელი ტურისტები.
– ამავე კონტექსტში მსურს გკითხოთ, დაინტერესებულია თუ კორეის რესპუბლიკა შუა დერეფნის პროექტით? როგორ აფასებთ კორეის მონაწილეობის პერსპექტივას შუა დერეფნის პროექტის განვითარებაში?
– როგორც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე სტრატეგიულად მდებარე ქვეყანა, საქართველო უნდა განიხილებოდეს არა როგორც ერთიანი ბაზარი, არამედ ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც. მაგალითისთვის, კორეიდან საქართველოში ნომერ პირველი იმპორტი ავტომობილებზე მოდის, რომელიც 2024 წელს 33% იყო, თუმცა ზოგიერთი ავტომობილის რეექსპორტი ხდება მეზობელ ქვეყნებში. მსგავსი ბაზრისთვის საკვანძო ელემენტი არის მისი ლოჯისტიკური შესაძლებლობები და ამ მხრივ, შუა დერეფნის პროექტს შეუძლია კორეული ბიზნესის ინტერესის მოზიდვა, მაგრამ რაც მთავარია, ის საქართველოსთვის პლატფორმას წარმოადგენს, რათა რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მიმზიდველ ბაზრად გადაიქცეს.
როგორც ექსპორტზე ორიენტირებული, წარმოების ეკონომიკა, კორეას აქვს გამოცდილება და ტექნოლოგია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და დაინტერესებულია ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლით ტრანზიტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში, რომლებიც იყენებენ შუა დერეფანს, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ რეგიონულ არხს. მაგალითად, ერთ-ერთმა კორეულმა ფირმამ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაესწრო თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს, გამოთქვა ინტერესი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში მონაწილეობის მიმართ.
– ასევე, მსურს შეგაფასებინოთ საინვესტიციო გარემო საქართველოში? შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რომელ სფეროში მონაწილეობით არის დაინტერესებული კორეული ბიზნესი?
– გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალოდ 9%-ზე მეტი, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მისი ზრდა 5%-ზე მეტით არის პროგნოზირებული. ასევე, საქართველომ მსოფლიო ბანკის „ბიზნეს მზადყოფნის“ (B-Ready) 2024 წლის ანგარიშში მესამე ადგილი დაიკავა და ის ცდილობს გააფართოოს თავისი როლი, როგორც ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვანი, რეგიონული დამაკავშირებელი რგოლის. ამ ატრიბუტებისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მცდელობების წყალობით, საქართველომ ინვესტიციების მიმზიდველობა გაზარდა.
როგორც მაღალტექნოლოგიური წარმოების ქვეყანა, კორეა წარმატებულია ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მშენებლობის, IT და ნახევარგამტარული ინდუსტრიის, ავტომობილებისა და ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოების, გემთმშენებლობის, ბირთვული და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სფეროში. ამრიგად, საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობები 1) მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, როგორიცაა პორტებისა და ტრანსპორტის მოდერნიზაცია, 2) IT სექტორი და 3) განახლებადი ენერგიის სექტორი, შეესაბამება კორეული ბიზნესის ინტერესებსა და სიძლიერეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინსტიტუციური ზომები, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, სწრაფად დაინერგება, რათა ორივე ქვეყანამ მიიღოს სარგებელი და მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობები.
ინტერვიუს ორიგინალი ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე.
სალომე აბულაშვილი
„ინტერპრესნიუსი“




