ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ [საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანები], ეს იქნება სწორედ ის, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ ყალიბდება ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.
როგორც გია ვოლსკიმ განმარტა, ადამიანის ნებაზე, რომელიც საზღვარგარეთაა, ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით გავლენა უფრო ადვილია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ხედავს ცუდსაც და კარგსაც.
„საზღვარგარეთ არჩევნების შედეგები არ გვიჩვენებს იმას, რომ დიდი უპირატესობა აქვს ოპოზიციას. საზღვარგარეთ რაოდენობა არ არის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება არჩევნების შედეგებს ცვლიდეს. ამ თემაზე მუდმივი სპეკულაცია მიმდინარეობს – ეძლევა თუ არა ყველას საშუალება რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, საკმარისია თუ არა საარჩევნო ოლქები და უბნები ამისთვის და ა.შ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ არამარტო საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ნებაზე გავლენის რესურსი საკმაოდ გაიზარდა, მობილიზებულ იქნა და ეს მხოლოდ იმ ხალხს არ ეხება, რომელიც მხოლოდ ევროპის ქვეყნებშია ან აშშ-ში ცხოვრობს. სამხრეთში ცხოვრობს, ჩრდილოეთში თუ დასავლეთ-აღმოსავლეთში, ნებისმიერი მოქალაქე საკმაოდ სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშ არის. თუ ეს მმართველობა ამას მოინდომებს, ამ მოქალაქეების მოწყვლადობა გაცილებით უფრო მაღალია. ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს იქნება სწორედ ის, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ.
საუბრობენ საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ საზოგადოებაზე – ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რომ 3 წელიწადში იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება საქართველოში, რათა ადამიანებმა არ ეძებონ არალეგალური ცხოვრების ხარჯზე მწირი შემოსავალი საზღვარგარეთ. კომპლექსური თემაა, მაგრამ მთავარი მაინც ის ფაქტია, რაც დასახელდა. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ ყალიბდება ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.
ადამიანის ნებაზე, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტულ ვითარებაშია, ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, რომელიც ვფიქრობთ, სამ წელიწადში უფრო ინტენსიური იქნება, გავლენა უფრო ადვილია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ხედავს ცუდად, კარგსაც – შავზე არ ამბობს თეთრს, თეთრზე შავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.




