„ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულს აუქმებს.
„2006 წლის ნოემბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
რამდენიმე თვის შემდეგ, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაც, პაპუაშვილის შეფასებით, კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა და დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური „ალტერნატიული მთავრობის“ ბაზაზე.
„ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის — სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს „შესაწირი პაიკის“ როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი.
„არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 2007 წელს შეიქმნა და ფუნქციონირება განაგრძო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც.




