რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე უკრაინელებისადმი მუქარის შემცველი მორიგი მოსაზრება გამოაქვეყნა.
მედვედევი ამჯერად ირწმუნება, რომ უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის საშიში და მომაკვდინებელია.
“უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ბანდერელების პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერი სახის უკრაინაზე”. – წერს მედვედევი.
მედვედევი ირწმუნება, რომ უკრაინის არსებობა გახდება ომის განახლების მუდმივი მიზეზი და ამას ამ ქვეყნის ევროკავშირში ან NATO-ში შესვლა ვერ შეაჩერებს. ის უკრაინას “ხელოვნურ ქვეყანასა” და “სიმსივნურ წარმონაქმნს” უწოდებს.
“რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა უკვე იქნება საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი. გვიანია. ვინც არ უნდა იდგეს უკრაინის სახელის მქონე სიმსივნური წარმონაქმნის სათავეში, მის მმართველობის ლეგიტიმურობასა და თავად “ქვეყნის” სამართლებრივ მდგომარეობას არაფერს შემატებს. შესაბამისად, ახალი დაპირისპირების ალბათობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. თითქმის სამუდამოდ. მეტიც, არსებობს ახალი კონფლიქტის 100%-იანი შანსი, რა უსაფრთხოების რა შეთანხმებებიც არ უნდა გააფორმოს დასავლეთმა კიევის მარიონეტულ რეჟიმთან. ამას ვერ შეაჩერებს ვერც უკრაინის ევროკავშირში ასოცირება და ამ ხელოვნური ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაც კი. ეს შეიძლება მოხდეს ათ და ორმოცდაათ წელშიც”. – წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი.
ამასთან ერთად, მედვედევი უკრაინელებს, ფაქტობრივად, სიკვდილით ემუქრება და ალტერნატივად რუსეთთან გაერთიანებას სთავაზობს.
“სწორედ ამიტომ, უკრაინის არსებობა ფატალურია უკრაინელებისთვისაც. ისინი საბოლოო ჯამში პრაქტიკული ადამიანები არიან, ახლა რამდენადაც არ უნდა უსურვებდნენ რუსებს სიკვდილს, რამდენადაც არ უნდა ეზიზღებოდეთ რუსეთის ხელისუფლება, რამდენადაც არ უნდა მიისწრაფოდნენ მითოლოგიური ევროკავშირისა და NATO-სკენ. სამუდამო ომს, გარდაუვალ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის დროს უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა (პირწავარდნილი ნაციონალისტების მინიმალური რიცხვის გარდა), რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სიცოცხლეს აირჩევს. გაიგებენ, რომ ცხოვრება დიდ, საერთო სახელმწიფოში, რომელიც ახლა დიდად არ უყვართ, სიკვდილზე უკეთესია. მათ სიკვდილზე, მათი ახლობლების სიკვდილზე. რაც უფრო მალე გაიგებენ ამას უკრაინელები, მით უკეთესი”. – დაწერა მედვედევმა.