აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რესპუბლიკელები მუშაობენ კანონმდებლობაზე, რომელიც სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა ექნება, მათ შორის ეკონომიკური.
მისი თქმით, ამ სიას შესაძლოა ირანიც დაემატოს.
“როგორც იცით, მათ [რესპუბლიკელებს] ეს მე შევთავაზე. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა”, – ამბობს დონალდ ტრამპი.
Reuters-ის თანახმად, ზოგიერთი ამერიკელი სენატორი კვლავ ცდილობს, დონალდ ტრამპს წარუდგინოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს – კერძოდ, საუბარია ტარიფების დაწესებაზე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, ასევე, იმ საერთაშორისო ფორუმებზე, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან საქმიან ურთიერთობებს დაამყარებენ.




