საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საპენსიო რეფორმის შეჩერებას დაუჭირა მხარი

ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, 255 ხმით 146-ის წინააღმდეგ, საპენსიო რეფორმის შეჩერება დაამტკიცა.
ოთხშაბათს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტის ქვედა პალატა) 2028 წლის იანვრამდე საპენსიო რეფორმის შეჩერებას დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი. ეს საკამათო კანონპროექტი 2023 წელს შემუშავდა და პრეზიდენტ ს უფლებამოსილების მეორე ვადის ერთგვარი სიმბოლო გახდა. კენჭისყრაში მონაწილე 505 დეპუტატიდან საკუთარი პოზიცია 401-მა დააფიქსირა: 255-მა მხარი დაუჭირა მას, 146-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს, ფრანგებმა მწვავედ გააპროტესტეს და ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა.
ბოლოს კი, ყოფილი პრემიერის, ელიზაბეტ ბორნის მიერ ინიცირებული რეფორმის შეჩერება „სოციალისტების“ მხრიდან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრისთვის, სებასტიან ლეკორნუსთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების თავიდან აცილების პირობა გახდა.
სოციალისტურ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს შორის შეთანხმების წყალობით, ლეკორნუს მთავრობა უნდობლობის ორ ვოტუმს გადაურჩა, რომლებიც რადიკალურმა მემარცხენე „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ (France Insubmissive) და ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (Rassemblement National) დააყენეს.
რეფორმის შეჩერება (გადავადება) სოციალისტების, გარემოს დამცველების და მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მოხერხდა, „რენესანსის“ (Renaissance) დეპუტაციის დიდმა ნაწილმა კი კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. მეორე მხრივ, ჟან-ლუკ მელენშონის „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ და კომუნისტებმა საპენსიო რეფორმის შეჩერების წინააღმდეგ მისცეს ხმა, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს იქნებოდა საკითხის უბრალო „გადადება“, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.
„ძალიან ვამაყობთ იმით, რაც ახლახან მოხდა, – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ სოციალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, ოლივიე ფორმა, – ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამ რეფორმის შეჩერებისთვის და საერთოდ, მისი გაუქმებისთვის“.
ეროვნულ ასამბლეაში საპენსიო რეფორმის შეჩერების დამტკიცების მიუხედავად, მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რადგან სოციალური დაცვის დაფინანსების კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, შაბათიდან, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში უნდა გაგრძელდეს.
წყარო: 1 არხი