შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია და შპს „საქაერონავიგაცია“ Airbus Helicopters-ის წარმოების შვეულმფრენების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად დამატებით შესყიდვებს ახორციელებენ.
სასაზღვრო პოლიციის შესყიდვა – 32 724 ევრო
სასაზღვრო პოლიცია AS-350B3e და MBB-BK117 D-3 (H-145) ტიპის შვეულმფრენებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებსა და სახარჯ მასალებს გამარტივებული წესით შეიძენს. უწყების ინფორმაციით, 2026 წლისთვის დაგეგმილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გამო აუცილებელია მასალების შეძენა უშუალოდ Airbus-ის ოფიციალური დილერისგან, რაც უსაფრთხოების და ხარისხის მოთხოვნებით არის განპირობებული. უწყება განმარტავს, რომ ალტერნატიული, არაბრენდირებული ნაწილების გამოყენება საფრენო უსაფრთხოებას დააზიანებს.
„საქაერონავიგაციის“ შესყიდვა – 62 810 ევრო
„საქაერონავიგაცია“ AS350B3e/H125 ტიპის შვეულმფრენისთვის ძრავის ტუმბოსა და საზომი სარქველის შეცვლას გეგმავს, რომელთა რესურსი 2026 წლის იანვარში იწურება. კომპანიის მიერ მიწოდებული ფასის საფუძველზე, სათადარიგო ნაწილები შეძენილ იქნება უშუალოდ Airbus Helicopters-სგან. სამსახურის განცხადებით, არა-ორიგინალი ნაწილების გამოყენება მწარმოებლის ტექნიკურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და შეიძლება ტექნიკური გაუმართაობის რისკი გაზარდოს.
ორივე უწყება აღნიშნავს, რომ საავიაციო ტექნიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, Airbus-ის ოფიციალური მიმწოდებლები ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც შესყიდვები გამარტივებული წესით ხორციელდება. შესყიდვების მიზანია შვეულმფრენების უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
საქართველომ Airbus-თან 2022 წელს სამი სამაშველო ვერტმფრენის შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა
2022 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა Airbus-ის სამი სამაშველო კატეგორიის H 145 ვერტმფრენი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, კონტრაქტის ღირებულება 26,500,000 ევრო იყო. 2022 წელს გაფორმებული საკონტრაქტო პირობების თანახმად, პირველი პირველი შვეულმფრენის მიღება 17 თვის, მეორე შვეულმფრენის – 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში მოხდებოდა.
bm.ge




