ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი თათა ცოფურაშვილი:
განათლების რეფორმაზე აკადემიური წრეები უკვე კვირებია ბევრს ვსაუბრობთ უნივერსიტეტის ავტონომიის დარღვევის, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის, ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან საქართველოს დაშორების პერსპექტივიდან.
ხშირ შემთხვევაში ეს მათთვის, ვინც გვისმენს, არაფრისმთქმელი კონცეპტებია.
ამიტომ დავწერ რამდენიმე პუნქტს, თუ როგორ აისახება განათლების რეფორმის პრაქტიკული შედეგები თითოეული სტუდენტის ბიოგრაფიაზე:
– სტუდენტის სწავლის საგრანტო დაფინანსება გაუქმდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტს კერძო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა მთლიანად საკუთარი ჯიბიდან მოუწევს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ სახელმწიფო გრანტს იღებდა და თავად ირჩევდა უნივერსიტეტს, სად მიეტანა ეს გრანტი.
– ნაკლებ ახალგაზრდას ექნება წვდომა უმაღლეს განათლებაზე, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული კვოტები ანუ გამოყოფილი სასწავლო ადგილები, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. შესაბამისად სახელმწიფო უნივერსიტეტ(ებ)ში იმის 1/3 სტუდენტი ისწავლის, ვიდრე ახლა სწვალობს. ესეც საუკეთესო შემთხვევაში.
– სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო ადგილების კვოტირების წესი დროსთან ერთად დააბრუნებს კორუფციას საუნივერსიტეტო სისტემაში, როცა სასწავლო ადგილები ისევე გაიყიდება, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში.
– რადგან ფორმალური სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხანგრძლივობა აცდენილი იქნება ევროპულს, გართულდება საქართველოში გავლილი კრედიტების საერთაშორისოდ აღიარება, შესაბამისად, ქართულ უნივერსიტეტებში ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით არსებული ორმაგი ხარისხის პროგრამების ფუნქციონირება, როცა ქართველი სტუდენტი სწავლობს საქართველოში, აკეთებს პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში ერთსემესტრიან მობილობას (სამაგისტრო საფეხურის შემთხვევაში) ან რამდენიმესემესტრიანს (სადოქტორო საფეხურის შემთხვევაში) და შედეგად იღებს ორივე ქვეყნის დიპლომს
– ერთწლიანი მაგისტრატურა საერთოდ შეუძლებელს გახდის სამაგისტრო საფეხურზე ერაზმუს+ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას, ხოლო მთელი რიგი ჰუმანიტარული დარგებისთვის, სადაც სამაგისტრო ნაშრომის დაწერა საერთაშორისო სტანდარტია ხარისხის მისანიჭებლად, საერთოდ სწავლასაც კი: როდის უნდა გაიაროს სტუდენტმა სასწავლო კურსები და როდის მოასწროს სამაგისტრო ნაშრომის წერა, გაუგებარია.
– სავარაუდოდ უნივერსიტეტები იძულებულნი იქნებიან პროგრამა გადააწყონ იმგვარად, რომ სტუდენტი სემესტრში საერთაშორისოდ აღიარებულ დატვირთვას – 6 კურსს კი არა, არამედ 8-ს, 10-ს ან 12-ს გადიოდეს (გააჩნია კონკრეტული პროგრამის მესვეურების გადაწყვეტილებას). რამდენად კარგი იქნება ასე ნასწავლის ხარისხი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
– რეფორმის შედეგად 3 წლიან ბაკალავრიატს სტუდენტი 19-20 წლის ასაკში დაასრულებს. თუ მაგისტრატურაში ჩააბარებს, მაშინ 21 წლის ასაკში. სწავლის დასრულების შემდეგ ბიჭებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, წაიყვანენ.
– ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს.
– აკადემიური სივრცის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებიდან ნაწილი დიდი ალბათობით განათლების ხელმიუწვდომლობას დააბალანსებს ქუჩის აკადემიაში. ეს ამბავი როგორ მთავრდება, შეგვიძლია გავიხსენოთ 80-90-იანი წლების საქართველო.
შეგახსენებთ:უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია 15 წევრისგან შედგება და მას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე განათლების და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეა. კომისიის შემადგენლობაშია თბილისის მერი და 8 მინისტრი.
ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია 16 ოქტომბერს წარადგინა.
განათლების რეფორმის პრეზენტაციაში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას”, 12-წლიანი სასკოლო ციკლი ისევ 11-წლიანით უნდა შეიცვალოს და სურთ დაამკვიდრონ “მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი”.




