გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინის მოთხოვნების სიიდან ჩვენ ვაფინანსებთ იარაღის სისტემებს, რომლებიც მხოლოდ შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. ეს არის სისტემები, რომლებიც მხოლოდ შეერთებულ შტატებში იწარმოება და რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. კონტაქტი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან და შევთანხმდით, რომ მონაწილეობას მივიღებთ, სულ მცირე, 150 მილიონი ევროს პაკეტის შეძენაში. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაღწევთ პროგრესს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიამ ოქტომბერში უკრაინას მიაწოდა ორი ახალი „პეტრიოტის“ ტიპის სისტემა. მისივე თქმით, მიწოდება კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდებოდა, რომ არა შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი.
ამასთან, ამავე პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას მომავალ წელს მეტი დაფინანსება დასჭირდება.
„არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება არის ყველაზე მკაფიო გზა უკრაინის თავდაცვის შესანარჩუნებლად. ეს ასევე არის გზა, ვაჩვენოთ რუსეთს, რომ დრო მათ მხარეს არ არის. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლას სანქციებით. მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტზე“, – განაცხადა კალასმა.
1tv.ge




