„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს საქართველოში, 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიციისა და „მომავლის ქალაქების“ მშენებლობის შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება, დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან ერთად, შავიზღვისპირა გონიოსა და თბილისის მიმდებარედ, კრწანისში გეგმავს.
თითქმის ცხრაწუთიანი მიმართვა სარეკლამო ვიდეოს ფორმატითაა ჩაწერილი და დამონტაჟებული.
ირაკლი კობახიძე თავის ვიდეო მიმართვაში ირწმუნება, რომ კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება:
„კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოტომელებს გადასცემს: როგორც მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას კრძალავს.
გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა“, – ამბობს ირაკლი კობახიძემ.
მთავრობასა და დეველოპერულ კომპანიას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელსაც 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.
მათ შორის, იურისტები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბევრი ბუნდოვანებაა, როგორც სამშენებლო კუთხით, ისე ფინანსურ ნაწილში ვადებთან მიმართებით. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტი სასარგებლოზე მეტად „მავნებლურია“.
დარგის სპეციალისტების განცხადებით, რეალურად, გონიოსა და თბილისში შენდება ორი არაბული დასახლება, მათ შორის ერთი ძალიან მგრძნობიარე რეგიონში, სადაც გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების გარდა, რელიგიური და დემოგრაფიული საკითხებიც ვნებათაღელვის საბაბი ხდება ხოლმე.
დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ეკოლოგებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი ყველაზე დიდ პრობლემას თავად თბილისს შეუქმნას. ეკოლოგების განცხადებით, ეს ტერიტორია – „ჭალის ტყე“ – დედაქალაქის რეკრეაციულ ზონად ითვლება და ის პრაქტიკულად ერთადერთი მტკვრისპირა ტყეა, ბუნებრივი რეკრეაციული ზონა, რომელიც ხელუხლებელი შემორჩა ქალაქს.
მათი აზრით, მასშტაბური პროექტი მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იმოქმედებს – წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემებზე, სატრანსპორტო მაგისტრალებზე და შეცვლის დემოგრაფიულ სურათსაც.
ფორუმი




