აზერბაიჯანის პროკურატურამ ყარაბაღის ყოფილი ლიდერებისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა

ბაქოს სამხედრო სასამართლოს სხდომაზე პროკურორებმა მოითხოვეს სამუდამო პატიმრობა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხუთი ყოფილი ხელმძღვანელისთვის, მათ შორის მისი ყოფილი პრეზიდენტისთვის, არაიკ არუთუნიანისთვის.
სასამართლოს წინაშე 15 ყოფილი ყარაბაღელი მაღალჩინოსანია, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები – არაიკ არუთუნიანი, ბაკო სააკიანი და არკადი გუკასიანი, ასევე პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავიდ იშხანიანი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარნი, რომლის საქმე ცალკე განიხილება. ბრალდებები 20-ზე მეტ მუხლს და 2548 ეპიზოდს მოიცავს.
ბაქოს სამხედრო სასამართლოს სხდომაზე ბრალდებამ წარმოადგინა თავისი პოზიცია სასჯელებთან დაკავშირებით. როგორც Report.az წერს, პროკურორებმა სასამართლოს ურჩიეს ბრალდებიდან რამდენიმე პუნქტის ამოღება და ქმედებების შედარებით მსუბუქი მუხლებით გადაკვალიფიცირება.
სამუდამო პატიმრობა პროკურორებმა მოითხოვეს ხუთი პირისთვის: ყოფილი პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავიდ იშხანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ ბაბაიანი, ყარაბაღის არმიის ყოფილი სარდალი ლევონ მრეცაკანიანი და მისი ყოფილი მოადგილე დავიდ მანუკიანი.
მთიანი ყარაბაღის ყოფილ პრეზიდენტებისთვის – არკადი გუკასიანისა და ბაკო სააკიანისთვის ბრალდებამ 20-წლიანი პატიმრობა მოსთხოვა. პირველი 10 წელი მათ ციხეში უნდა მოიხადონ სასჯელი, ხოლო დანარჩენი – მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. ასეთი მოთხოვნა დაკავშირებულია მათ ასაკთან: 65 წლის ზემოთ მყოფებს კანონით სამუდამო პატიმრობა არ ეფარდებათ.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 27 ნოემბერს გაიმართება.
31 ოქტომბერს მოსამართლემ განაცხადა, რომ ყარაბაღის ყოფილი ხელმძღვანელების საქმეზე სასამართლო გამოძიება დასრულდა. პროკურორებმა 3 ნოემბერს განაცხადეს, რომ ბრალდებულთა დანაშაულები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, გამოძიებით სრულად დადასტურდა. ადვოკატ სირანუშ სააკიანის შეფასებით, პროკურორების მოცულობითი სიტყვა აშკარად წინასწარ იყო მომზადებული. სოციალურ ქსელებში პროცესს აქტიური დისკუსიები მოჰყვა. ნაწილი ყველაზე მკაცრ სასჯელს მოითხოვდა, ნაწილი კი გამოძიებას მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ