სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ლიეტუვამ უნდა გაამკაცროს წესები შრომითი მიგრანტებისთვის, როგორც ენის ცოდნის კრიტერიუმების, ისე უსაფრთხოების შემოწმების კუთხით. ამასთან, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ წლევანდელი სამუშაო ნებართვების კვოტა უკვე ნოემბრის შუა რიცხვებში იწურება.
წელს ლიეტუვაში თითქმის 25 000 უცხოელი მუშა ჩავიდა. ისინი, ძირითადად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან და ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და მშენებლობის სექტორებში არსებული სამუშაო ადგილები დაიკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერი ჯერ არ დასრულებულა, „მესამე ქვეყნების“ მუშებისთვის განსაზღვრული წლიური კვოტა თითქმის ამოიწურა.
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ეველინა გუძინსკაიტეს თქმით, უსაფრთხოების მზარდი რისკების ფონზე, მიგრანტთა გადამოწმების ამჟამინდელი პროცედურები არასაკმარისია.
„ზოგიერთი, შესაძლოა, მართლაც ცუდი განზრახვის გარეშე ჩამოვიდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ქვეყანაში მოხვედრის შემდეგ, თავიანთი ქსელების ფორმირება დაიწყონ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა გააჩაღონ. ამას, ძირითადად, სხვა უწყებები აკონტროლებენ, მაგრამ კონტროლის ზომებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტიც ატარებს“, – აღნიშნა გუძინსკაიტემ.
თუმცა, დღემდე არ მომხდარა რაიმე ინციდენტი და არ გაკეთებულა საჯარო განცხადება, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მიგრანტი მუშაკები რაიმე მტრულ საქმიანობაში არიან ჩართულნი.
ასეთ ვითარებაში, მაშინ, როცა ბიზნესის წარმომადგენლები მიგრანტთა კვოტების გაზრდას ითხოვენ, სეიმის კომიტეტის წევრები ამტკიცებენ, რომ იაფ უცხოურ მუშახელს უკვე მოაქვს უარყოფითი შედეგები, რომელთა შორის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეებს ასახელებენ.
გამოსავლად სახელდება ლიეტუვური ენის ცოდნის მოთხოვნის გამკაცრება, მიგრანტების ეკონომიკური წვლილის შესაფასებლად საჭირო მონაცემთა ანალიზის დახვეწა და შემოწმების უფრო მკაცრი პროცედურების შემოღება.
სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლაურინას კაშჩიუნასი, რომელიც, ამავე დროს, კონსერვატიული პარტია „სამშობლოს კავშირის“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია, დაჟინებით ითხოვს „პრაგმატული მიდგომების“ დანერგვას გრძელვადიანი რისკების შესამცირებლად. ერთ-ერთ ზომად კაშჩიუნასი მიგრანტების მიერ სამუშაო ადგილების შეცვლის ან ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობების შეზღუდვას ასახელებს.
„უცხოელი მუშაკი ჩამოდის ჩვენთან, კონტრაქტის საფუძველზე მუშაობს და შემდეგ ქვეყნიდან მიდის. მათი ინტეგრაცია არ ხდება, მაგრამ ეს დროებითია – ჩვენ სოციალურ და კულტურულ რისკებს ვარიდებთ თავს. ამიტომ, უნდა არსებობდეს მკაფიო დროითი ჩარჩო, მკაფიო დამცავი მექანიზმები და მკაფიო გაგება, თუ რომელ სექტორში მოდიან ისინი სამუშაოდ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ამჟამად ლიეტუვაში დაახლოებით 80 000 უცხოელი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობას უკრაინელები შეადგენენ. ბელარუსების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში 10 000-ზე მეტი რუსი და ამდენივე უზბეკი იმყოფება. ლიეტუვაში ასევე ცხოვრობს თითქმის 8 000 ინდოელი და 4 500-დან 6 500-მდე ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქე.
სეიმის კომიტეტის „სოციალ-დემოკრატი“ თავმჯდომარე, რიმანტას სინკევიჩიუსი ამბობს, რომ ცენტრალური აზიიდან მიგრანტების ზრდა, მათი რელიგიის ან კულტურის გათვალისწინებით, მზარდ გამოწვევებს ქმნის.
„საფრთხე იზრდება, რადგან გარკვეული რეგიონებიდან შემოსული მიგრანტების ნაკადი მუდმივად იზრდება. განსხვავებული რწმენისა და აგრესიის დონის მქონე ადამიანები ჩამოდიან. თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მომავალში გაცილებით დიდ პრობლემას შევეჯახებით“, – აღნიშნა მან.
ლიეტუვის თათრულმა თემმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგიერთი მუსლიმი მიგრანტი თათრული სამლოცველოების ხელში ჩაგდებას და ახალი რელიგიური თემების დაარსებას ცდილობს. ლიეტუველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რელიგიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ, პარალელურად, მთავრობამ ახლად წარმოქმნილ „უსაფრთხოების რისკებს“ უნდა მიხედოს.
წყარო: 1TV.GE




