მოკლედ
· კოალიცია ცვლილებებისთვის საერთაშორისო პარნიორებს მიმართავს და მათ ქართული ოცნების წევრებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, ასევე შტატებს მეგობარი აქტის მიღებას სთხოვს.
· კოალიციის ოთხივე ლიდერი სხვადასხვა ვადით ციხეში იმყოფება – დაპატიმრების შემდეგ მათ წინააღმდეგ ახალი საქმეები აღძრეს.
· მიმართვის ადრესატია ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
· მოთხოვნების ნაწილია რეჟიმთან ყველანაირი პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეწყვეტა და დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სალომე ზურაბიშვილის აღიარება ქართველი ხალხის ევროპული ნების ლეგიტიმურ წარმომადგენლებად.
“დღეს, პრაქტიკულად ყველა პროდასავლელ პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ „საბოტაჟში“ ედება ბრალი. ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური ლიდერისა და ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ.
აღნიშნული შიდა პროპაგანდით „სუვერენიტეტის დაცვად“ არის წარმოდგენილი, რეალურად კი შეტევაა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების – „ახალის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს' აკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე
მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა” – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს კოალიციაში შემავალი სამი პოლიტიკური ძალა, გირჩი მეტი თავისუფლება, ახალი და დროა.
წერილი შეიცავს გაფრთხილებასაც იმის შესახებ, რომ რაც დღეს თბილისში ხდება, ხვალ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის საზღვრებს გარეთაც.
“თავისუფლების ბედი შავი ზღვის რეგიონში და დემოკრატიული სამყაროს მორალური ძალა ახლა იმაზეა დამოკიდებული, დაგვიცავს თუ არა ჩვენი საერთო პრინციპები ისეთივე სიმტკიცით, როგორსაც ისინი იმსახურებენ” – ნათქვამია წერილში.
ფორუმი




