“კოალიცია ცვლილებებისთვის” ღია წერილით მიმართავს ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს – ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მთავრობებსა და პარლამენტებს.
წერილშია საუბარია იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციური პარტიებისა და მათი წევრების მიმართ დაიწყო.
პარტიები მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს პერსონალური სანქციები დაუწესდეს “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარტიის სხვა ლიდერებს. ასევე, დროულად მიიღონ ე.წ. MEGOBARI აქტი, შეაჩერონ პოლიტიკური თუ ფინანსური თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან”. გარდა ამისა, პარტიების მოწოდებაა, რომ დასავლეთმა ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარონ სალომე ზურაბიშვილი და დემოკრატიული ღირებულებების მქონე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
“ძვირფასო საქართველოს მეგობრებო, ჩვენ, პროევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი კოალიციის ლიდერები, გწერთ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში – მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ სახელმწიფოს მტრებად ცხადდებიან საქართველოში დემოკრატიის დამცველები და ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ღირებულებების ერთგული ძალები. დღეს, პრაქტიკულად ყველა პროდასავლელ პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ “საბოტაჟში” ედება ბრალი. ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური ლიდერისა და ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ. აღნიშნული შიდა პროპაგანდით “სუვერენიტეტის დაცვად” არის წარმოდგენილი, რეალურად კი შეტევაა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს, როდესაც “ქართული ოცნების” რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების – “ახალი”-ს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა”-სა და “ლელო”-ს აკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა. სწორედ, ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ: პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველა იმ დე-ფაქტო ოფიციალური პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლო მანიპულაციებსა და რუსეთთან თანამშრომლობაზე. “MEGOBARI Act”-ის მიღება აშშ-ის სენატის მიერ – როგორც ძლიერი სიგნალი ქართველი ხალხის პროდასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ყველა პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერება რეჟიმთან მანამდე, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, არ შეწყდება რეპრესიები და არ აღდგება კონსტიტუციური წესრიგი. საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღიარება როგორც ქართული ხალხის ევროპული ნების ლეგიტიმური წარმომადგენლებისა. საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპას არ შეუძლია, კარი გაუღოს რუსეთით მართულ ავტოკრატიას. რაც დღეს თბილისში ხდება, ხვალ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის საზღვრებს მიღმაც. თავისუფლების ბედი შავი ზღვის რეგიონში და დემოკრატიული სამყაროს მორალური ძალა ახლა იმაზეა დამოკიდებული, დაგვიცავს თუ არა ჩვენი საერთო პრინციპები ისეთივე სიმტკიცით, როგორსაც ისინი იმსახურებენ. მადლობა მეგობრობისთვის, სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით თქვენი გამბედაობისთვის, დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით ამ ისტორიულ დროს”, – წერია კოალიციის ღია წერილში.




