2025 წელს საქართველოში 1.2 მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდა, ოკუპირებულ აფხაზეთში კი – 4.6 მლნ – ЕМИСС
2025 წლის იანვარ–სექტემბერში რუსეთის მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 24 მილიონი ტურისტული ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო (ЕМИСС) ავრცელებს.
რუსებისთვის მთავარი დასასვენებელი ადგილი კვლავ თურქეთია – 5.3 მილიონი ვიზიტით, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ტურისტების ნაკადი 4%-ით შემცირდა. მეორე ადგილს აფხაზეთი იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე – ყაზახეთია, რუსი ტურისტების ვიზიტებმა 7.6%-იანი ზრდა აჩვენა.
ყველაზე დიდი ზრდა ეგვიპტეში (+33%) დაფიქსირდა და ჩინეთში (+25%), რაც ექსპერტების შეფასებით რუსი მოგზაურების პრეფერენციებში ცვლილებას ასახავს – მათ შორის რუბლის კურსის მერყეობის, ფრენების ხელმისაწვდომობის და გეოპოლიტიკური შეზღუდვების ფონზე.
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში 1.2 მლნ რუსი ჩამოვიდა.
რუსეთის მოქალაქეების ტოპ ტურისტული მიმართულებები ასეთია:
· თურქეთი — 5.3 მლნ
· აფხაზეთი — 4.6 მლნ
· ყაზახეთი — 2.4 მლნ
· ჩინეთი — 1.7 მლნ
· არაბთა გაერთიანებული საამიროები — 1.6 მლნ
· ეგვიპტე — 1.4 მლნ
· საქართველო — 1.2 მლნ
· ტაილანდი — 0.9 მლნ
· სომხეთი — 0.8 მლნ
· უზბეკეთი — 0.5 მლნ
ანალიტიკოსების თქმით, 2025 წელს რუსული ტურისტული ნაკადი ორიენტირებულია ქვეყნებზე, სადაც ვიზის გარეშე მოგზაურობა მარტივადაა შესაძლებელი და ფასები კონკურენტულია.




