ბაქომ მოსკოვს ახსნა-განმარტება მოსთხოვა კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაზე იერიშის გამო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის ცნობით, ბაქოში ს ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„შეხვედრის დროს გამოითქვა მკაცრი პროტესტი 14 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 1:00 საათზე, უკრაინის დედაქალაქ კიევზე რაკეტებისა და დრონების თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის საელჩოს ტერიტორიაზე „ისკანდერის“ რაკეტის ზემოქმედებასთან დაკავშირებით და მას შესაბამისი ნოტა გადაეცა“, ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქებამ მთლიანად დაანგრია საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილი, დააზიანა შენობები, სამსახურებრივი მანქანები, ადმინისტრაციული შენობა და საელჩოს საკონსულო განყოფილება და სერიოზულად დააზიანა დიპლომატიური მისიის კომპლექსი, რის შესახებაც სამინისტრომ ს ელჩსაც აცნობა.
ევდოკიმოვს ასევე შეახსენეს, რომ „მსგავსი სარაკეტო თავდასხმები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ადრეც მომხდარა“. განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია 2022 წელს ხარკოვში აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობაზე რუსეთის საჰაერო დარტყმა, 2024 და 2025 წლებში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაციულ შენობებთან ახლოს საბრძოლო მასალის ზემოქმედება და 2025 წლის აგვისტოში ოდესის რეგიონში SOCAR-ის ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა.
„ყველა ეს ფაქტი კითხვებს ბადებს სარაკეტო თავდასხმების წინასწარ განზრახულ ბუნებასთან დაკავშირებით“, ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბაქომ რუსეთის მხარეს შესთავაზა, „ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და წარმოადგინოს დეტალური ახსნა-განმარტება“.