მხედველობის მდგომარეობის გამო ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

დღეს, 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა გამოცემა “ბათუმელებისა” და ონლაინპლატფორმა “ნეტგაზეთის” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ, ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
პროკურატურა კი თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ გართულებული მხედველობის გამო მზია ამაღლობელს ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი და მან შესაბამისი წერილით უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს, საჭირო პროცედურების დასაწყებად.
ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, რაც პროკურორმაც გაიზიარა წერილი, მტკიცებულებად დაერთო საქმეს.
“დაპატიმრებამდე მას [მზია ამაღლობელს] შანსი ჰქონდა, 90%-მდე დაენახა და ახლა ეს 10%-მდეა შემცირებული, წარმოგიდგენიათ? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი”, – თქვა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თავის სიტყვაში თქვა, რომ მთავარი მოთხოვნაა მზია ამაღლობელს დაუბრუნდეს მისთვის პირველად წაყენებული ბრალი და პატიმრობა შეეფარდოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.
მისი სიტყვებით, მეორეხარისხოვანია, რა დაზიანება მიიღო დაზარალებულმა – პოლიციელმა ირაკლი დგებუაძემ, ვისაც სილა გააწნა მზია ამაღლობელმა.
ს საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს განაჩენით ბრალი გადაუკვალიფიცირა. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა შოთა ჩხაიძემ მოითხოვა საქმის მასალებისთვის მზია ამაღლობელის კუთვნილი მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნის დართვა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ უკვე გაეცნო დასკვნას, რომლის მიხედვითაც ტელეფონში არ აღმოჩნდა გამოძიებისთვის საინტერესო არავითარი მასალა.
„დიპ სტეიტის“ კვალს ვერ მიაგნეს”. – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა ბრალდებამ დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის საფუძველზე მოითხოვა, რაც საქმის მასალებს დაერთო. პატაკის მიხედვით მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და კომუნიკაციას „ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან“ ტელეფონით აწარმოებდა.
მოგვიანებით პროკურატურამ დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია მოწმეთა სიიდან ამოიღო, თუმცა სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ ტელეფონის ექსპერტიზის პასუხები.
მზია ამაღლობელი დღევანდელ სხდომაზეც ფეხზე იდგა. ამასთან მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა, წინა სხდომისგან განსხვავებით, არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და არ მისცა მზია ამაღლობელს, ბრალდებულებისთვის განკუთვნილი შემინული სივრცის დატოვების და დარბაზში გადასვლის საშუალება.
სხდომის თავმჯდომარის, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილის განმარტებით, წინა სხდომაზე თხოვნა გაითვალისწინა, რადგან ცხელოდა. ახლა კი მას არ სურს დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდეს სხვა ბრალდებულების მიმართ.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, სხდომათა დარბაზში მისი შესვლის და გაყვანის დროს ისმოდა შეძახილები “თავისუფლება მზიას!”
საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარეა მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე.
შემდეგი სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 18 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.