საქართველოს 7-კაცამ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი, დუბაის (არაბეთის გაერთიანებული საემირო) ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.
ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგეს, რითაც თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა პლეი-ოფში მოვლენები ჩვენ საწინააღმდეგოდ განვითარდა.
პირველი მატჩი ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტ ურუგვაისთან გვქონდა და მეტოქე პირველ ტაიმში ორი ლელოთი დაწინაურდა. შესვენების შემდეგ, მე-10 და მე-11 წუთებზე, საქართველომ ორი ლელო გაიტანა, აქედან ერთი სერგი ჩხაიძემ გარდასახა და ჩვენმა გუნდმა 12:10 იმარჯვა.
მეორე შეხვედრაშიც ანგარიში მეტოქემ, ჰონკონგმა გახსნა, რაზეც სოსო
მათიაშვილმა გარდასახული ლელოთი უპასუხა, თუმცა აზიელებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს – 7:19.
პაპუა-ახალი გვინეასთან მატჩის დებიუტიც რთული გამოდგა. მეტოქე აქაც 10 ქულით დაწინაურდა, რაზეც მე-4 წუთზე ლელოთი საბა არჩვაძემ უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკოლოზ რეხვიაშვილმა წონასწორობა აღადგინა და სერგი ჩხაიძის გარდასახვით დავწინაურდით. მე-9 წუთზე არჩვაძემ დუბლი შეასრულა, სოსო მათიაშვილმა გარდასახა და 19:10 ვიმარჯვეთ.
რადგან ურუგვაიმ ჰონკონგს 33:0 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჰონკონგმა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების ხარჯზე გაგვასწრო და საქართველო თასის 1/4-ფინალში საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავიდა.
იქ მომავალი ფინალისტი ჩილე შეგვხვდა და მე-3 წუთზე მსაჯმა არჩვაძე წითელი ბარათით გააძევა, რამაც თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია. ამ დროს ანგარიში 0:0 იყო. კაცნაკლულმა საქართველომ ერთი ლელო გაიტანა, თავი გიორგი ჯობავამ გამოიჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 7:26.
დებულების თანახმად, მე-7 ადგილისთვის ჰონკონგს შევხვდით, რომელიც ჩვენთვის უხერხული მეტოქე აღმოჩნდა. ამჯერად მათ 6 ლელო გაიტანეს, 38:0 იმარჯვეს და საქართველო მე-8 ადგილს დასჯერდა.
სულხან ჩიხლაძის ახალი ნაბიჯი
დუბაის ჩელენჯერის სერიაზე საქართველო, ნაკრები გუნდის გარდა, მსაჯითაც იყო წარმოდგენილი. სულხან ჩიხლაძე სამსაჯოდ პირველად მიიწვია მსოფლიო რაგბიმ და მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მან დუბაიში ცენტრალურ მსაჯად ჯამში 7 შეხვედრა განსაჯა, საიდანაც ერთი ქალთა ტურნირის იყო, დანარჩენი ექვსიდან ერთი კი – ბრინჯაოს ფინალი.
„პირველად ვიყავი მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე და ის წინამორბედებისგან ხარისხობრივად ძალიან განსხვავებული იყო. აქ ის მსაჯები ვიყავით მიწვეული, რომლებმაც თავი რეგიონულ ტურნირებში გამოვიჩინეთ. მენტალურად და ფსიქოლოგიურად ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი და მოედანზე თავისუფლად გავდიოდი. ყოველი მომდევნო თამაში ხარისხობრივად უკეთესი იყო და შეფასებებსაც ყველა ჯერზე ძალიან კარგს ვიღებდი“.
„სტაბილურობიდან გამომდინარე, ბრინჯაოს ფინალის განსჯა მანდეს, რომელშიც ურუგვაი გერმანიას ეთამაშებოდა და ის მთელ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. დაძაბულობიდან გამომდინარე, ხშირი იყო უხეშობა, გაწევ-გამოწევა, მაგრამ სირთულეებს კარგად გავართვი თავი, ყველა მნიშვნელოვანი მომენტი კარგად განვსაჯე და საუკეთესო შეფასება სწორედ ამ თამაშის შემდეგ დავიმსახურე“ – განაცხადა სულხან ჩიხლაძემ.
მან უკვე დაიწყო მზადება მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე ეტაპისთვის, რომელიც 18-19 მაისს გერმანიაში, მიუნხენში გაიმართება. შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბი ყველა მსაჯს ჩელენჯერის ორ-ორ ტურნირზე (სამიდან) იწვევს.
7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დუბაის ეტაპზე
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge
ზუსტად არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ შობა-ახალწლების სადღესასწაულო სუფრების, მაგრამ ასეთი კატასტროფული ანგარიშებით არ უნდა ვაგებდეთ. აქ გამოითქვა აზრი და მეც ვეთანხმები, რომ დიდი რაგბის პარალელურად, შვიდკაცას ჩემპიონატიც ჩატარდეს. თან დიდ რაგბს დაეხმარება, ხელით თამაშის და სისწრაფის გაუმჯობესების ხარჯზე, თან ოლიმპიური სახეობაა და იქნებ მედლებსაც გამოვკრათ ხელი.