იმის მიუხედავად, რომ სლობოდან მილოშევიჩი დემოკრატიულმა ძალებმა გადააგდეს, კოსოვოში ჩადენილი დანაშაულის გამო, სერბეთს ფასის გადახდა მაინც მოუწია და კოსოვო ნახევარმა მსოფლიომ აღიარა – ამ გზის საფუძველს ქმნის „ქართული ოცნება“ ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, რაც არის ისტორიული დანაშაული! – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გახარიას პარტიის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ცქიტიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გაკეთებულ შეფასებებს “მოღალატეობრივი“ უწოდა.
მისივე თქმით, ის ვინც ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს ჩადგმის გამო მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას დაჭერას უჭერს მხარს, ამით მხარს უჭერს ხაზს, რომელსაც ცხინვალის რეჟიმი და მოსკოვი ატარებს. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ჩორჩანას საქმე ცხინვალის რეჟიმსა და რუსეთს დამატებით არგუმენტებს უქმნის, რომ რაღაცაზე იომონ, იბრძოლონ, ჩორჩანას ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად ჩათვალონ და მისი დამაგრება დაიწყონ.
„გიორგი გახარიას წინააღმდეგ ბრალის წაყენება სიურპრიზი არ იყო. მიმდინარეობდა მოკვლევა და ბუნებრივია, ამის ლოგიკური გაგრძელება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იქნებოდა.
გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორივე საქმის წამოწევას პოლიტიკური მიზნები აქვს და არის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითი. პოლიტიკური დევნა ისეთი მასშტაბურია, როცა პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერი სხვადასხვა მიზეზით ციხეში არიან, აღარც გვიკვირს. ბევრი აბსურდია ერთად თავმოყრილი.
ჩორჩანას საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის მცოცავი ოკუპაციის შეჩერების ერთადერთ ფაქტს ეხება, რაც მშვიდობიანი გზით მოხდა. შესაძლოა რისკები ჰქონოდა – ოკუპაციის პირობებში ყველაფერი რისკის შემცველია, მაგრამ კარგად შესრულდა და ამას სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არ მოჰყოლია.
საქართველოს ხელისუფლება იმ ბრალს იმეორებს, რაც თავის დროზე ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს ჰქონდა. ეს რუსეთის ინტერესი იყო, რასაც მაშინ ცხინვალი ახმოვანებდა. ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა მათ შემდგომი მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაში უშლიდათ ხელს.
ჩორჩანას საგუშაგოს შემთხვევაში არა შინაგან საქმეთა მაშინდელ ხელმძღვანელობაზე და კონკრეტულად გიორგი გახარიაზეა საუბარი, არამედ საუბარია დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატზე – ის ჩორჩანას საკითხზე ცალსახად იმ ნარატივებს უჭერს მხარს, რომელიც ცხინვალიდან და მოსკოვიდან მოდის. ეს ცხინვალის რეჟიმს და რუსეთს დამატებით არგუმენტებს უქმნის, რომ რაღაცაზე იომონ, იბრძოლონ, ჩორჩანას ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად ჩათვალონ და მისი დამაგრება დაიწყონ.
მოღალატეობრივია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2008 წლის ომთან დაკავშირებით. როგორც არ უნდა მოგწონდეს წინა ხელისუფლება, თუ ომის დაწყებას მაშინდელ ხელისუფალს აბრალებ, ამით ომის დაწყებას სახელმწიფოს აბრალებ. ეს არგუმენტს აძლევს ცხინვალს და რუსეთს საერთაშორისო არენაზე იბრძოლოს და ამ რეგიონების არაღიარების პროცესის ხელახალი დაწყების სამართლებრივი არგუმენტები ჰქონდეთ. ბიძგს აძლევენ, რომ განახლდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების კამპანია. საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ისტორიულ დანაშაულს სჩადიან!
ძალიან არ მომწონს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია. არასდროს მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, მაგრამ მას, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ომის დაწყება დავაბრალო, ეს ჩემ მიერ სახელმწიფოს დადანაშაულება იქნება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამიტომ არის კოსოვოს საკითხი სერბეთისთვის პრობლემური, მიუხედავად იმისა, რომ მილოშევიჩი, რომელმაც კოსოვოში დანაშაული მართლაც ჩაიდინა, დემოკრატიულმა ძალებმა გადააგდო, სერბეთს ფასის გადახდა მაინც მოუწია და კოსოვო ნახევარმა მსოფლიომ აღიარა. აი, ამ გზის საფუძველს ქმნის „ქართული ოცნება“ ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, რაც არის ისტორიული დანაშაული“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნაზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ეს ყველასთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისიანებს ანადგურებს.
ცქიტიშვილმა აქვე დასძინა, რომ ეს დამახასიათებელია ყველა რეჟიმისთვის.
„არ მგონია, მათ ბრალი ისეთ საქმეებზე ედებოდეთ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე არ იცოდა. რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ ის რაღაც ეტაპზე საკუთარი თავის ჭამას, თავისიანების განადგურებას იწყებს. ახალი ნარატივი რაღაცაზე უნდა დააშენონ, ამიტომ წინა სისტემის წარმომადგენლები მსხვერპლი და სამიზნეები ხდებიან.
13 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ სისტემა კორუფციისგან სრულიად თავისუფალი იყო. დღეს კი გვეუბნებიან, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს იწყება და რაც აქამდე იყო, უნდა დავივიწყოთ. რეჟიმი ცდილობს, თავისიანების ჩახსნით საკუთარი წარსული ჩახსნას.
სასაცილოა, თუ ვინმეს სჯერა, რომ მართლა კორუფციასთან მიდის ბრძოლა.
არაფერი ხდება, გარდა რეჟიმის ტრანსფორმაციისა. რეჟიმი აქამდე ცოტათი ჰორიზონტალური იყო – თავში იყო ივანიშვილი და შემდეგ ჰორიზონტალურად დალაგებული რამდენიმე გავლენიანი პირი. ახლა გახდა მკაცრად ვერტიკალური. ჩვენ ამ გარდაქმნის პროცესს ვუყურებთ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.




