თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მარიამ გიგაურმა მიმართა, ხოლო მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს გახარიამ სპეცრაზმს კანონმდებლობის დარღვევით დაავალა სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენება გაფრთხილების გარეშე, რასაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მოჰყვა. შედეგად, ათეულობით ადამიანი დაშავდა, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, ხუთმა კი მძიმე დაზიანება მიიღო.
დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. ადვოკატ ბერდია სიჭინავას განცხადებით, „პროკურატურა ივანიშვილის ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ შურისძიებას ემსახურება.“
გიორგი გახარიას წარსადგენად პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა როგორც 20 ივნისის, ასევე ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, სადაც მას ასევე პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




