გიორგი შარაშიძე – ჩვენ არ ვართ ქუჩის ოპოზიცია, გიორგი გახარიამ პარტია იმიტომ კი არ შექმნა, რომ ქუჩაში გაეგრძელებინა ბრძოლა – პოლიტიკური ბრალის წაყენება არაფერს ცვლის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განაცხადებით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში არაფერია მოულოდნელი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სწორი იყო.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტია ბრძოლას გააგრძელებს პარლამენტის ტრიბუნიდან, რადგან სწორედ საპარლამენტო მექანიზმების გამოყენება მიაჩნიათ სწორი გზად:
„მოულოდნელი აქ არაფერი ყოფილა. ახლა მაინც დარწმუნდით, რომ შეთანხმება არ ყოფილა [პარლამენტში შესვლა]. ეს ყველაფერი არც გუშინ დაწყებულა, არც ერთი წლის წინ. გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან პირველივე დღეს დაიწყო კონსპირაციული თეორიები. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ს საჯარო მუქარა გიორგი გახარიას მისამართით.
ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ თავისი დანაპირები – ასეთი ფრაზა გამოიყენა -„სასამართლოს დონეზე გვაქვს დალაგებული საქმეები გახარიას წინააღმდეგ“. ამის მერე რა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, მარტო ეს ერთი ფრაზა არის საკმარისი ამის დასამტკიცებლად. ეს ფრაზა ადასტურებს იმას, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არც სამართალთან, არც სასამართლო პროცესთან არ აქვს“,- განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ინსტიტუციური გზით — პარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც ნათქვამ სიტყვას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე ქუჩაში.
შარაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ არ არის ქუჩის ოპოზიცია და პარტია ემხრობა პრინციპულ, მაგრამ კონსტრუქციულ ბრძოლას:
„ამ ყველაფერმა დაადასტურა ის, რომ ჩვენი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სწორი იყო. საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. შეგვიძლია ქუჩაშიც ვთქვათ, მაგრამ პარლამენტში ნათქვამს სხვა ძალა აქვს. ვფიქრობთ, პარლამენტში რომ არ შევსულიყავით, პირიქით შეიძლება პატიმრობა არ გამოეყენებინათ. „ოცნებას“ არ სჭირდება ჩვენნაირი პრინციპული პარტია. ჩვენ არ ვართ ქუჩის ოპოზიცია. ჩვენ შეიძლება აკადემიურად გაცილებით პრინციპული პოზიცია დავიკავოთ, ვიდრე რომელიღაც პოლიტიკოსმა, რომელიც წივის და კივის. ქუჩა არ არის საქმე. გიორგი გახარიამ პარტია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იმიტომ კი არ შექმნა, რომ ბრძოლა ქუჩაში გაეგრძელებინა“, – განაცხადა შარაშიძემ.
გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე დიდი გავლენა იქონია ბოიკოტის კამპანიამ, მაგრამ ამასთან დასძენს, რომ ს შურისძიებამაც არანაკლები გავლენა იქონია.
„რა მოგვიტანა ამ რეალობამ? იატაკქვეშეთმა? რა თქმა უნდა, იმოქმედა ბოიკოტის კამპანიამ და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შურისძიებამაც იმოქმედა.
გიორგი გახარიასთვის არც პოლიტიკური ბრალის წაყენება არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პარლამენტში მუშაობას. გახარიას პარტიის მართვის, ჩართულობის პრობლემა არც აქამდე ჰქონია, არც დღეს აქვს და არც მომავალში ექნება. არ უარვყოფთ, რომ რთული ვითარებაა“,- განაცხადა შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…