33 წლის ალია ოზდამიროვა, რომელიც ჩეჩნეთიდან ძმების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის გამო იყო გაქცეული, სავარაუდოდ, საქართველოდან მოტყუებით ან იძულებით რუსეთში წაიყვანეს, სადაც ის, სავარაუდოდ, “ღირსების მკვლელობის” მსხვერპლი გახდა.
საგამოძიებო კომიტეტ SK SOS-ის ინფორმაციით, ქალი, რომელიც საქართველოდან 8 ნოემბერს უნდა გაფრენილიყო უსაფრთხო ქვეყანაში და რომელმაც ეს ფრენა ბიძასთან კომუნიკაციის შემდეგ ორი დღით გადადო, 12 ნოემბერს გუდერმესში დაკრძალეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, მან საქართველო 9 ნოემბერს დატოვა.
ოზდამიროვა ჩეჩნეთის გავლენიანი ოჯახიდან იყო. მისი მამა, უსმან ოზდამიროვა, გუდერმეშის რაიონის უფროსი, ასევე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და რამზან კადიროვის უახლოესი წრის წევრი იყო, თუმცა მას ქალიშვილზე არასოდეს უძალადია. საგამოძიებო კომიტეტ SOS-ის ცნობით, უსმან ოზდამიროვას გარდაცვალების შემდეგ, 2020 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და ალია “ვერავინ დაიცვა მისი ძმებისგან, რომლებიც ასევე კადიროვთან იყვნენ დაკავშირებული”. მათგან ერთი კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, დანარჩენები კი დაცვის თანამშრომლებად.
და-ძმებს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ახალგაზრდა ქალის სექსუალურ ორიენტაციასთან ან ბიზნესკავშირებთან. გავრცელებული ცნობებით, მას ძმებმა გამოქცევამდე სცემეს, რადგან მის ბიზნესპარტნიორებს ინვესტორებისგან აღებული დავალიანება ჰქონდათ დასაფარი და დას სწორედ ამ ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გაქცევისას ქალს ეს ფული თან არ ჰქონია. ის ამბობდა, რომ ფულის მოპარვის არანაირი მიზანი არ ჰქონდა, რადგან საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო – საკუთარ ბიზნესპარტნიორებს კი მისი ნაშოვნი მოგების მითვისებაში სდებდა ბრალს.
ალია ოზდამიროვა ადამიანის უფლებადამცველებთან კონტაქტზე იყო 2023 წლიდან, თუმცა ჩეჩნეთი მხოლოდ 2025 წლის 20 ოქტომბერს დატოვა – ამ დღეს სომხეთის პოლიციამ ერევანში კიდევ ერთი ჩეჩენი დევნილის, აიშატ ბაიმურადოვას გარდაცვალება დაადასტურა.
საქართველოში მოსახვედრად ჩეჩენი ქალი ჯერ სტამბოლში გაფრინდა და თურქეთის გავლით ჩამოვიდა თბილისში. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ის მზად იყო საჯაროდ ელაპარაკა სამშობლოში მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შანტაჟზე მას შემდეგ, რაც უსაფრთხო ქვეყანაში გადავიდოდა. უფლებადამცველებმა მისი ისტორიაც მისი თხოვნის საფუძველზე გაასაჯაროვეს – ალიას სურდა, ეს ამბავი გასაჯაროებულიყო, “თუკი მას რამე დაემართებოდა”.
ის საქართველოს დატოვებას 8 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა მანამდე მას “ადვოკატის მეგობარმა” ამცნო, რომ რუსეთში “ტერორიზმის დაფინანსებისთვის” სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავდა, რომ თბილისს დაუბრკოლებლად ვერ დატოვებდა. როდესაც უფლებადამცველებმა ეს ცნობა გადაამოწმეს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ ინფორმაცია ვერ იპოვეს.
ამ ცნობის მიღების შემდეგ ის დაუკავშირდა ბაქოში მყოფ ბიძას, რომელმაც დაუდასტურა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნამდვილად აღიძრა, თუმცა შეჰპირდა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს დატოვებაში, რადგან საზღვარზე ჰყავდა ნაცნობი, რომელსაც შეეძლო “დროშის აწევა”, თუმცა ეს მხოლოდ 10-11 ნოემბერს იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად, დაგეგმილი გაფრენა ორი დღით გადავადდა. ბიძამ მას უთხრა, რომ ნათესავები მის მკვლელობას გეგმავდნენ, ის ამის თავიდან აცილებას ცდილობდა და ამიტომ ეხმარებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველები ალიას პირველადი გეგმის მიხედვით, 8 ნოემბერს ურჩევდნენ საქართველოს დატოვებას და გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ბიძამ მას ფრენის გადავადება დროის მოსაგებად შესთავაზა, ქალმა ეს რჩევა არ გაითვალისწინა. 9 ნოემბერს ის რუსეთ-საქართველოს საზღვარს კვეთს.
“მეორე დღეს გავრცელდა ჭორი, რომ გოგონა გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია 12 ნოემბერს, დაკრძალვის ცერემონიალზე დადასტურდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. გოგონას მეგობრები და ნაცნობები, ასევე უფლებადამცველები თვლიან, რომ ის “ღირსების მკვლელობის” მსხვერპლი გახდა”, – ამ ინფორმაციას კრიზისული ჯგუფი ავრცელებს და ასევე ასაჯაროებს გარდაცვლილი ქალის ხმოვან შეტყობინებას, რომელშიც ის პოლიციისა და თავისი ძმის მონაწილეობით საკუთარ წამებაზე საუბრობს.
ფორუმი




