Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება, თუმცა ამ ჯგუფში შემავალ 18 ქვეყანას შორის ყველაზე დიდი გაუარესება აქვს.
საქართველომ 100-ქულიან სკალაზე 4 ქულა დაკარგა და 70 ქულა დააგროვა. საანგარიშო პერიოდში (2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე) შეფასებული 72 ქვეყნიდან ყველაზე დიდი კლება კენიაში დაფიქსირდა, რომელსაც მოსდევს ვენესუელა და საქართველო. თავისუფალ ქვეყნებს შორის კი, საქართველოს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, 3-ქულიანი კლება გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განიცადეს.
„თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში საქართველომ ყველაზე დიდი კლება განიცადა, რადგან მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო. გერმანიის ხელისუფლებამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკოსებს აკრიტიკებდა, ხოლო ულტრამემარჯვენე აქტორების მხრიდან მუქარამ კიდევ უფრო წაახალისა ონლაინ თვითცენზურა. შეერთებულ შტატებში სამოქალაქო სივრცეზე მზარდი შეზღუდვები საფრთხეს უქმნიდა ციფრული აქტივიზმის ჩახშობას, რაც გამოიხატა არაძალადობრივი ონლაინ გამოხატვისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებით“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში მიუთითებს „ქართული ოცნების“ მიერ უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებაზე და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე. ანგარიშში მოხვდა „ატლანტიკური საბჭოს“ იმ თანამშრომლების სახლებში ჩატარებული ჩხრეკა, რომლებიც საქართველოში ონლაინ გავლენის ოპერაციებს სწავლობენ.
„ინტერნეტის თავისუფლების პირობები საქართველოში გაუმჯობესდა 2012–13 წლებში, ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებასთან ერთად. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს მთავრობა ძალაუფლების ცენტრალიზაციას და განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს“, — ნათქვამია ანგარიშში.




