განათლების მინისტრი ჩინეთში განათლების რეფორმის კონცეფციაზე ისაუბრებს

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ჩინელი კოლეგის, ჰუაი ძინფენგის მიწვევით სამუშაო ვიზიტით პეკინში ჩავა და ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, გივი მიქანაძე “პლენარულ სესიაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, დანერგილ სიახლეებსა და სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს”.
“ქართული ოცნების” მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით – “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”. რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას. ექსპერტები რეფორმას აკრიტიკებენ, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის საფრთხეს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გივი მიქანაძე ჩინეთში ნანძინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტს, შენჭენის პროფესიულ და ტექნიკურ სკოლასა და კომპანია Huawei-ის ცენტრალურ ოფისს ეწვევა, “სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავს”.
გივი მიქანაძე ჩინეთში თავის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძესთან ერთად გაემგზავრა.
თვის დასაწყისში ჩინეთში, შანხაიში, იმყოფებოდა “ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური , კაბინეტის ხუთ წევრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად.
დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააძლიერა კავშირები ჩინეთთან. 2023 წელს ორი ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა.
კომუნისტების მიერ მართული ჩინეთის ზეგავლენის საფრთხეები -ში ფოკუსშია და ფართოდ განსახილველ თემას წარმოადგენს.
განათლების იმჟამინდელმა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აპრილში, ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენისას თქვა, რომ სკოლებისთვის დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი, შეიქმნება სახელმძღვანელოებიც.
ქართველი სინოლოგების თანახმად, ჩინური ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა მზარდია, ჩინური ენის სპეციალისტი 15 სკოლას ჰყავს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მასწავლებლების გადამზადება ისე, რომ მათ სკოლებში სწავლება შეძლონ.
ჩინეთს ქართველი სტუდენტებისთვის 20 ადგილი აქვს გამოყოფილი ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად. ჩინეთი ხშირად გასცემს საერთაშორისო სტიპენდიებს უცხოელ სტუდენტებზე.
ექსპერტების ნაწილი, ამას ჩინური რბილი ძალის გაძლიერებასთან და გრძელვადიან პოლიტიკურ მიზნებთან აკავშირებს.