ბალდის კანიონის მცველებმა სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან საჯარო შეხვედრა ვერ მოახერხეს

ბალდის კანიონთან დაკავშირებულ პროტესტში ჩართული პირები მესამე დღეა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან იკრიბებიან, ისინი სააგენტოს ახალ თავმჯდომარესთან, ბესიკ ამირანაშვილთან საჯარო შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.
მოძრაობის წევრების განცხადებით, მათ მანამდე შეხვედრის მოთხოვნით დაცული ტერიტორიების სააგენტოში წერილი გამოაგზავნეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. პროტესტის მონაწილეები ბესიკ ამირანაშვილთან შესახვედრად თბილისში 11 ნოემბერს ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, 3 დღის განმავლობაში, მათ რამდენჯერმე დაჰპირდნენ შეხვედრას, თუმცა საბოლოოდ, ბესიკ ამირანაშვილს ერ გაესაუბრნენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეხვედრაზე დაშვებული იყოს ვიდეო-გადაღება, რასაც სააგენტოს ხელმძღვანელობა არ თანხმდება.
ბესიკ ამირანაშვილის მოადგილის, გიორგი მიქელაძის განცხადებით (რომელიც მოძრაობის წევრებს სააგენტოს შემოსასვლელში გაესაუბრა) ისინი ყოველთვის მზად არიან შეხვედრისთვის, თუმცა არა კამერების თანხლებით. მიქელაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ გამოყონ რამდენიმე ადამიანი, რომელიც შეხვედრას დაესწრება, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილე შეხვედრის ჩაწერასა და ტრანსლაციაზე უარს აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ განცხადებაც გამოაქვეყნა.
“სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით კომუნიკაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან პროფესიულ, საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში”,- წერია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოძრაობის წევრების განცხადებით, ისინი განაგრძობენ პროტესტს და შეხვედრის საკუთარი პირობებით მოთხოვნას. ისინი აცხადებენ, რომ სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან აპირებენ ახლადგამოვლენილ კორუფციულ სქემებზე საუბარს.
პროტესტი ბალდის კანიონისთვის უკვე 750 დღეზე მეტია გრძელდება.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ თითქმის 2 წელია უშედეგოდ მოითხოვენ არსებული კორუფციული სქემის გამოძიებას.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 29 ნოემბერს ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულებას ეწურება 3-წლიანი ვადა. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს, რომ სახელმწიფომ „არ გაახანგრძლივოს მოსახლეობისგან მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება”
შპს „კანიონი 350-ს“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას 3 წლიანი ვადა ჰქონდა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებული იყო, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო.
კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა.
ავტორი: ნინა სიგუა