სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღება, ასევე, კომიკურ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული დევნისას,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იღებს.
„მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს. ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებებს კი არა პენიტენციური დაწესებულება და პროკურატურა, არამედ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამ გადაწყვეტილებების შემკვეთი კი რუსეთია და ამ სიტუაციაში ჩვენ რაიმე ახალი დამატებითი სათქმელი არ გვაქვს.
სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით მე ინფორმაციას არ ვფლობ.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღება, ასევე, კომიკურ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული დევნისას, ზვიგენთან „სელფის“ გადაღების გამო წაუყენეს ბრალი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.




