ერთი წლის წინ ტელეწამყვანი თეა სიჭინავა, პატარა ნიკოლას დედა გახდა. თეა არასდროს საუბრობს პირად ცხოვრებაზე და არც დედობაზე უსაუბრია. ცოტა ხნის წინ ის “პრაიმშოუს” სტუმარი იყო, სადაც დედობის გამოცდილებაზე და გამოწვევებზე პირველად ისაუბრა.
“ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის პირველი დეკემბრიდან, მანამდე რა იყო, უკვე აღარ მახსოვს. ყველაფერი შეიცვალა, თუკი აქამდე სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, ახლა უკვე ყველა ვტრიალებთ ნიკოლას ირგვლივ. ნიკოლას გამო მთელი ორი თვე არ გვეძინა, დილის 5 საათზე გავრბოდით მანქანაში, რადგან ერთადერთი ადგილი სადაც წყნარდებოდა მანქანა იყო. ბავშვი როცა იბადება, ყველა ქალს მეორე სუნთქვა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი პროცესი არ არის მარტივი, მაგრამ გვერდზე რომ გყავს, რომ გიცინის, ყველაფერს გავიწყებს.
ეს ბედნიერება ყველა ქალმა უნდა გამოცადოს, სანამ გონებრივად არ მომწიფდები, შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადადგა, მაგრამ როცა მოემზადები, ძალიან კარგი შედეგი იდება. ძალიან რთულად გავიარე ეს გზა, გარე ორსულობა დამემართა, მართალია ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ღამის თევა ცოტა რთულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიამოვნებაა. დედის მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ასეთი ადამიანიც ვერ ვიქნებოდი და ვერც დედა გავხდებოდი,” – ამბობს თეა სიჭინავა.
2024 წლის 1-ელ დეკემბერს ტელეწამყვანი თეა სიჭინავა დედა გახდა. ამის შესახებ მან ინსტაგრამის მეშვეობით აცნობა გამომწერებს. “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლა სიჭინავა”, – წერდა თეა.
თეა სოხუმიდანაა, და ჟურნალ CITY MAGAZINE-თან ამ პერიოდს იხსენებს.
“14 წელი ვიცხოვრე სოხუმში. უფრო მეტი – თბილისში. თუმცა, ჩემთვის მთავარი ქალაქი მაინც ჩემი სოხუმია. რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ასე იქნება. ცხოვრების ყველაზე ტკბილი და ლაღი პერიოდი, ბავშვობა, სწორედ აფხაზეთს უკავშირდება. დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება დედასთან ერთად სანაპიროზე სეირნობა და ნაყინის გემო, რომელსაც სოხუმში ვჭამდი და სხვაგან მსგავსი არასდროს გამისინჯავს.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში, ძალიან რთული იყო იმ ტრავმის გააზრება, რაც ყველამ ერთად გადავიტანეთ. რთული იყო უცხო ქალაქში თავის დამკვიდრებაც. მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც მთელ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო და ყველას ძალიან უჭირდა. ყოველი დღე იყო გადარჩენისთვის, არსებობისთვის ბრძოლა. ვუყურებდი როგორ ცდილობდნენ ჩემი მშობლები ყოველდღიურად, ელემენტარულად, საჭმლის თანხა ეშოვათ. აქ ჩამოსვლისას არც სახლი დაგვხვედრია და, რასაკვირველია, არც სამსახური. რაღაც გამოვიდა, რაღაც – ვერ.
ყოველთვის ერთნაირად არ გაგიმართლებს. სამწუხაროდ, თურმე შეიძლება აწყობილი ცხოვრება ერთიანად გასწორდეს მიწასთან და მოგიწიოს ყველაფრის ნულიდან დაწყება, რაც ძალიან რთულია. წამოვიზარდე და ოჯახის რჩენის ტვირთი მე ავიღე საკუთარ თავზე. ასე მოვედით აქამდე – იმის იმედით, რომ ერთ დღესაც, ჩვენს მოგონებებს ისევ ჩავიტანთ იმ ადგილას, სადაც აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ,” – ამბობდა თეა.




