თურქული მედია – საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა

საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენს თვითმფრინავს პერსონალი გადაჰყავდა და ტექნიკური აღჭურვილობა გადაჰქონდა. ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა“, – აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენები საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების დასრულებამდე შეჩერებულია.
„სიფრთხილის მიზნით, 12 ნოემბრის შემდეგ C-130-ის თვითმფრინავების ფრენები შეჩერებულია. ფრენები დეტალური ტექნიკური შემოწმებების შემდეგ განახლდება“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, სამინისტროში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
„ამ დროისთვის ინციდენტის მიზეზებზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია. ინციდენტის მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია.