კლინიკა “ვივამედიდან” რუსთავის ციხეში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი პირველ გზავნილს ავრცელებს. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის წერილი მისმა ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა გაავრცელა.
“ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: აბა დღეს ვის რა ვავნო, ჰოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა “ვივამედის” იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიებს. რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი, იმიტომ რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც – ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებაზე და ახლა, ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც. დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას”, – წერს სააკაშვილი.
მისი რუსთავის ციხეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, 12 ნოემბერს გაავრცელა.
“საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას”, – აცხადებენ პენიტენციური სამსახურში.




