ეს ბრალი, რა თქმა უნდა, სრულიად აბსურდულია და სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და შურისძიება, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო დაანონსებული – მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მზად ვიყავით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარდგენილ ბრალზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ცრუ მოწმემ“, „დამსმენმა“ და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არა, ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები.
„ჩორჩანას ეპიზოდი არის ერთადერთი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ ქართული მიწა დაიცვა, მოიქცა ღირსეულად და თან ეს ისე მოახერხა, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება ამას არ მოჰყოლოდა. ამიტომ, ცრუ მოწმემ, დამსმენმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არა, ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები. ეს უნდა იცოდეს წულუკიანის ე.წ კომისიამაც და „ოცნების“ პროკურატურამაც. მოვა დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ეს ადამიანები, ვინც შეთითხნა ეს ბინძური საქმე და დაასმინა თავისი ჭკუით, გიორგი გახარია, ისტორიაში საკუთარ ადგილს იპოვიან“, – განაცხადა შარაშიძემ.
რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, შარაშიძემ აღნიშნა, რომ ბრალის ეს ნაწილიც „აბსურდი“ და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„როგორც ჩორჩანას, ასევე 20 ივნისის საქმე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არანაირი საქმე არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან ამ საქმეებს არ აქვს და ვერ ექნება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძეს ჰკითხეს თავად გიორგი გახარიას პოზიციასთან დაკავშირებით, რაზეც მან აღნიშნა, რომ ამას თავად გახარია გადაწყვეტს, ხოლო მათი პოლიტიკური გუნდისთვის არაფერი იცვლება.
შარაშიძის თქმით, ახლა პარტია კიდევ უფრო მეტად პრინციპული იქნება „ოცნების“ წინააღმდეგ და „ამხელენ ყველა იმ ტყუილსა და დანაშაულში, რასაც ის ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების წინაშე სჩადის“.
„ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს და უკან ვერ დაგვახევინებს. გასაგებია, რომ ეს ბრალის წარდგენაც ემსახურება იმას, რომ როგორმე გაგვაჩერონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მიზანი გიორგი გახარიას პოლიტიკური დღის წესრიგიდან და სივრციდან გაქრობაა – ეს არ მოხდება. ამას შეეგუოს ყველა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის თავად გადაწყვეტს როგორ მოიქცეს – ამ მხრივ არაფერი იცვლება ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ მივიღეთ პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება, რაც ძალიან არ მოსწონს „ოცნებას“, გვესმის რომ ეს მათთვის არასასურველი სცენარია და როგორც ჩანს, ამიტომ დააჩქარა ამ ბრალის წარდგენა. ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მზად ვიყავით. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, მზად ვართ, „ოცნების“ წინააღმდეგ პრინციპული ბრძოლა გავაგრძელოთ”, – აღნიშნა შარაშიძემ.
გარდა ამისა, დეპუტატმა ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი „აბსურდული“ ბრალის გადასაფარად გამოიყენა.
„ოცნების“ მიმართ ერთი კითხვა მიჩნდება – ახლა თუ გადაწყვიტეს მათ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა, იმ საბაბით, რომ თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გუშინ გაუმჯობესდა? გიორგი გახარიას მიმართ ბრალის წარდგენიდან ოთხ საათში გაუმჯობესდა და იქამდე ცუდად გრძნობდა თავს მიხეილ სააკაშვილი? მაგალითად, ერთი წლის წინ უფრო ცუდად გრძნობდა თავს? ჩვენი და თუნდაც საჯარო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დაახლოებით, ბოლო ორი ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ასე, რომ „ოცნებამ“ გასცეს პასუხი – რატომ მაინცდამაინც გუშინ”, – განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე, რა კავშირშია გიორგი გახარიას ბრალი და მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ერთმანეთთან, შარაშიძემ უპასუხა, რომ „ამ თემის გადაფარვაშია კავშირში“.
„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ის ბრალი, რომელიც გახარიას წაუყენეს, იმდენად აბსურდულია, განსაკუთრებით ჩორჩანას ეპიზოდზე, რომ საკუთარ ამომრჩევლებშიც კი, მიუხედავად გაშმაგებული პროპაგანდისა, მაინც ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის ბოლომდე მიტანას. ამიტომ, მათ სავარაუდოდ, გადაფარვა სჭირდებოდათ და გადაფარეს ამ თემით, რომ აქტუალური აღარ ყოფილიყო ასეთი აბსურდული ბრალის გიორგი გახარიასთვის წარდგენა. სხვა შემთხვევაში ვერ ვხსნი იმას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ გაუმჯობესდა მაინცდამაინც გუშინ. ეს ვერსიაა, ამას არ ვამტკიცებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება”, – განაცხადა შარაშიძემ.




