“ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა“ საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად ემზადება

“ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა“ საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად ემზადება. ამაზე „ქალების ნარატივში“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ისაუბრა.
„2024 წელს მთელს სამედიცინო სექტორს და მათ შორის ჩვენს კლინიკასაც ახალი გამოწვევები აქვს. 2025 წლის იანვრამდე უნდა მოხდეს საერთაშორისო აკრედიტაციის რომელიმე სახეობის აღება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რაც ძალიან დიდი და შრომატევადი სამუშაოა. ძალიან ბევრი დოკუმენტაცია გვაქვს შესაგროვებელი, უნდა მოხდეს თანამშრომლების დატრეინინგება, შესაცვლელია ინფრასტრუქტურაც, იმისთვის რომ ციციშვილის ბავშვთა კლინიკამ KTQ-ს სერტიფიცირება გაიაროს, რაც არის გერმანული აკრედიტაცია,“- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ეს არის კლინიკისთვის დიდი გამოწვევა, მითუმეტეს იმ ვირუსების ფონზე, რასაც ამ ზამთრის პერიოდში კლინიკა ებრძვის.
“ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას“ გაზაფხულზე გერმანელი სპეციალისტები ესტუმრებიან, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების საკითხი.
„ვფიქრობთ, რომ თუ პირველივე ჯერზე მივიღებთ KTQ-ს აკრედიტაციას, ეს ჩვენი კლინიკისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება,“ – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
აღსანიშნავია, რომ “ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ“ განავითარა ლაპარასკოპიული ქირურგია და ამ ეტაპისტვით კლინიკაში ოპერაციების 95% ლაპარასკოპიით კეთდება.
შეგახსენებთ, მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო გაშლილია 185 საწოლზე. კლინიკა 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს უზრუნველყოფს. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში აღიარებულ პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე დაყრდნობით.