Reputation Lab-ის, წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის, მიერ ჩატარებული კვლევის RepCore® Nations 2025 შედეგების მიხედვით, კანადა და შვეიცარია საერთაშორისო რეპუტაციის მხრივ ლიდერობას ინარჩუნებენ.
კვლევა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე 60 ქვეყანას აფასებს, მათ შორის G7-ის ქვეყნებაც (აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და კანადა).
სკანდინავიური ქვეყნები – ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი მჭიდროდ მიჰყვებიან ლიდერებს და ინარჩუნებენ ძლიერ გლობალურ რეპუტაციას; ხოლო ერაყი, ირანი და რუსეთი კვლავაც რეიტინგის ყველაზე დაბალ პოზიციებს ინაწილებენ.
უკრაინა, ემოციური აღქმის გაუმჯობესების ფონზე გასულ წელთან შედარებით 5 პოზიციით გაუმჯობესდა, ისევე როგორც ალჟირი. იაპონია 4 პოზიციით დაწინაურდა, ხოლო საუდის არაბეთი და მექსიკა – 2-ით.
Reputation Lab-ის მიხედვით, 2025 წელს აშშ-ს რეპუტაცია ყველაზე მკვეთრად დაეცა საერთაშორისო რეიტინგში – ქვეყანა 30-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, დაკარგა 6.7 ქულა, რის შედეგადაც მისი იმიჯი „სუსტი“ კატეგორიაში გადავიდა RepCore®-ის ნორმატიულ სკალაზე.
განსაკუთრებით დაბალი შეფასებები დაფიქსირდა კანადისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებში, მაშინ როცა გაუმჯობესება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებში შეინიშნებოდა. ყველაზე მეტად დაზარალებული ასპექტები იყო: „ვალდებულება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, „ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან“, „მეგობრული ბიზნესგარემო“ და „პატივსაცემი ლიდერები“.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის რეპუტაციაც მნიშვნელოვნად შემცირდა G7-ის მოქალაქეებში, არის სამხრეთ კორეა. ქვეყანაში მომხდარი ინსტიტუციური კრიზისის ფონზე, მისი იმიჯი დაეცა 1.8 ქულით და რეიტინგში 6 პოზიციით უკან დაეშვა.
რეპუტაციის ეკონომიკური გავლენა
RepCore® Nations 2025-ის მიხედვით, მაღალი რეპუტაციის მქონე ქვეყნები უფრო მეტ ტურისტს იზიდავენ, იღებენ უფრო მაღალ უცხოურ ინვესტიციებს და ზრდიან ექსპორტს. არსებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ RepScore ინდექსში თითოეული ერთქულიანი ზრდა იწვევს საშუალოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 7.2%-იან, ხოლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების 1%-იან ზრდას.




