რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის“ დონეზე აყვანის შესახებ.
ტოკაევმა დოკუმენტს უწოდა ურთიერთობების ახალი ერა და მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ყაზახეთი „უახლოესი პარტნიორები და საიმედო მოკავშირეები“ არიან.
მხარეებმა განიხილეს ვაჭრობა (2025 წლის პირველი ცხრა თვის სავაჭრო ბრუნვა 20 მილიარდ დოლარს შეადგენს), გაზის მიწოდების გაფართოება, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა „როსატომის“ მონაწილეობით, იშვიათი ლითონების მოპოვება და „ბაიტერეკის“ პროექტი. ასევე შეეხნენ კასპიის მილსადენის კონსორციუმის მუშაობას.
ტოკაევის მოსკოვში ვიზიტი ცენტრალური აზიის ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ შედგა. ვაშინგტონში ყაზახეთი დათანხმდა ამერიკულ კომპანია „Cove Capital“-თან თანამშრომლობას და Nvidia-ს ჩიპების შეძენას.
კრემლში ახალი დეკლარაციის ხელმოწერამდე ორ ქვეყანას შორის მოქმედებდა კეთილმეზობლობისა და ალიანსის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც 2020 წელს განახლდა. 1998 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „მარადიული მეგობრობისა და XXI საუკუნისკენ ორიენტირებული ალიანსის შესახებ“. 1992 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.
ჩინეთისა და დასავლეთის მზარდი გავლენის მიუხედავად, ასტანა ცდილობს შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები მოსკოვთან და რჩება ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად. ყაზახეთმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომს, მაგრამ არც რუსეთი დაუგმია.
ფორუმი




