რას ითხოვდა საპატრიარქო “მამობრივი დაგირების” სანაცვლოდ ილია თოლორაიასგან? – ეპარქიული კომისიის დასკვნა

საპატრიარქომ არქიმანდრიტ არქიმანდრიტი ილია (თოლორაიასთან) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გაავრცელა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია), მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
· საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე;
· სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
· დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი);
· დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი);
· დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და პატრიარქის ქორეპისკოპოს, მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას, არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციას გამართლება. საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, საბოლოო დასკვნის მისაღებად, იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია), მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს. “კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: “…მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი” (საქმე 23,5). კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). კომისიის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი),” – წერია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.