რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 400%-ით გაიზრდება – თბილისის განვითარების ფონდი

თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების იერსახის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს ფასადების გაუმჯობესებას და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას რუსთაველის გამზირის მთელ გაყოლებაზე. ახალი ტენდერების მთლიანი ღირებულება 3.3 მილიონი ლარია და ის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 90 მილიონ ლარამდე იქნება.
როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცესი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინება და 4-5 თვის ვადაში მზა პროექტებს მოამზადებენ, გამოცხადდება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი. გიორგი პაპავას თქმით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დაიწყება.
კითხვაზე, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს თბილისში გამზირების რეაბილიტაციას, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ასე გვპასუხობს:
„გუდიაშვილის მოედნის და ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ უძრავი ქონების ღირებულება მინიმუმ 400%-ით იზრდება. ვინაიდან, ადგილზე არამარტო ავარიული სახლის კეთილმოწყობა, ახლიდან აშენება ან რეაბილიტაცია მოხდა, არამედ არეალი მოწესრიგდა, უბანი შეიცვალა მთლიანად და ახალი მიზიდულობის წერტილი შეიქმნა. 70% მოსახლეობის, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან კომერციული დანიშნულებით თავად მართავს ობიექტს ან გასხვისებული აქვს”, – აცხადებს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა.
ვრცლად bm.ge