პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში
ამ ბიუჯეტში, რომელიც უკვე გავიარეთ, არის 3 მილიარდი ლარით გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2 მილიარდ-ნახევრით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ზრდა არის ყველა მიმართულებით, არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
კვიჟინაძის განცხადებით, საქართველოს ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
“ამის გარდა, ეს არის ხელფასების 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში, პენსიების, შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მე შემიძლია ოქტომბერში სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაგახსენოთ, სადაც [საქართველო] ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილზეა როგორც კანდიდატ ქვეყნებში, ისე ევროპის წევრ ქვეყნებში, მთავრობის ვალის სიმცირით მე-6 ადგილზეა ევროპის ქვეყნებში და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის. დავამატებ კიდევ ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც მნიშვნელოვანია, აქაც საქართველო მე-8 ადგილზეა ევროკავშირის უკვე წევრ ქვეყნებსა და მე-2 ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.




