შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია (კომპენსაცია) იზრდება. სამინისტროს განცხადების თანახმად, უკვე მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს 2023 წლის 13 დეკემბერს წარედგინა.
შსს-ში ამბობენ, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით:
· 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი.
· სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი.
· ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.