„ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელის ლაშა ტუღუშის განცხადებით, არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით ყველაფერი „ბურუსით არის მოცული“ და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია.
ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცეში“ არაბულ ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას არ აწვდის სრულ ინფორმაციას, რაც ზრდის უნდობლობასა და დაძაბულობას.
„რატომ არის ასეთი კითხვები და ნეგატივი? – იმიტომ, რომ არცერთ კითხვას არ გასცეს პასუხი, ყველაფერი არის ბურუსით მოცული და არავინ იცის, არც სარგებელი, არც რისკი, რა ზიანს გვაძლევს. ბუნებრივია გვაინტერესებს, რადგან არც ისე მრავალრიცხოვანი ერი ვართ. ასეთ დროს მთავრობა კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ვითარებას. არ ფიქრობს იმაზე, რომ საზოგადოებას წესიერად აუხსნას, რა ხდება, არ უნდა. რატომ არ უნდა, აქ ჩნდება დამატებითი კითხვები. ვიდრე ასეთი ვითარება იქნება, სულ იქნება დაძაბულობა, ეს კი გამოიწვევს მკვეთრი , რადიკალური ძალების გააქტიურებას, რომლებიც შეეცდებიან ასეთ ბუნდოვანებაზე ქულები დაიწერონ და დამატებით არიონ ვითარება.
ცნობილი ნათქვამია – „არ არსებობს უფასო ვახშამი“. როდესაც ასეთი ე.წ. ხელისუფლება გვყავს, ცხადია ასეთ დიდ ფულს რისკებით და კითხვებით ხვდები. არ მჯერა, რომ სამყარო კეთილია და ყველას სიკეთე მოაქვს. ამიტომაც მესმის საფრთხის ასეთი მომატებული განცდა ქვეყანაში. უამრავი კითხვაა, როლებზეც პასუხი არ გაიცა“, – განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშმა ასევე ხაზი გაუსვა კონტრაქტის გამჭვირვალობის აუცილებლობას:
„ყველაფერი გახსნილი უნდა იყოს და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს“, – აცხადებს ტუღუში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში “უპრეცედენტო მოცულობის – 6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების”, ორი პროექტი განხორციელდება. პროექტები თბილისსა და გონიოშია დაგეგმილი.




