თბილისის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძის რეაბილიტაციის დასრულების ვადა კვლავ სათუო გახდა. 8 თვის განმავლობაში პარალიზებულმა წერეთლის გამზირმა ფუნქციონირება შესაძლოა ვერც თვის ბოლოს განაახლოს. რეაბილიტაციის დათქმული ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე, მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულება გააუქმა.
მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულებები გაწყდა, ვალდებულებების შეუსრულებლობაა, რომელიც მერიამ მხოლოდ ახლა აღიარა. ამას კი ფორსირებულ რეჟიმში ახალი ტენდერის გამოცხადება მოჰყვა. გადათხრილი წერეთლის გამზირიდან კომპანიები “მილენიუმი” და “ერ-ტე-დე” უკვე გავიდნენ, თუმცა ადგილზე ახალი სამშენებლო ჯგუფი გამოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიბარებს თუ არა ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თუმცა ცხადია, რომ პარმა 2 დღეა სრული დატვირთვით შეუდგა მუშაობას.