თურქეთის პროკურატურა ერდოანის ოპონენტისთვის 2000 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

სტამბოლის ყოფილი მერს, ექრემ იმამოღლუს 2000 წელზე მეტი ხნით პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა თურქ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კორუფციული ქსელის შექმნაში ადანაშაულებს.
ის პრეზიდენტ ერდოანის მთავარ მეტოქედ ითვლება. მისი პარტია, CHP (Cumhuriyet Halk Partisi -რესპუბლიკური სახალხო პარტია) ასევე პროკურატურის სამიზნეს წარმომადგენს.

ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ მან თურქეთის სახელმწიფოს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, საქმეში 142 ბრალდებაა, რაც ჯამში ითვალისწინებს 2000 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას.
იმამოღლუ ერდოანის მთავარი პოლიტიკური მეტოქეა და ერთადერთ პოლიტიკოსად ითვლება, რომელსაც შეუძლია მისი დამარცხება არჩევნებში. მარტში მისმა დაპატიმრებამ თურქეთში 2013 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური არეულობის ტალღა გამოიწვია.
ის მუდმივად უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ივლისში იმამოღლუს გენერალური პროკურორის შეურაცხყოფისთვის ცალკე განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მან გაასაჩივრა.

პროკურატურამ მოითხოვა CHP-ის, უდიდესი ოპოზიციური პარტიის, აკრძალვა. მოყვანილი დასაბუთებით, CHO უკანონო სახსრებით იღებს დაფინანსებას. რესპუბლიკური პარტიის
თავმჯდომარემ, იოზგიურ ჩელიქმა X-ზე ბრალდებებს „აბსურდული“ და „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანია, განადგურდეს იმედი, რომ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატურად იქნეს წარდგენილი.