სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა – ლევან კუპატაშვილი ბრალს „ფაქტების უხეშ მანიპულაციას“ უწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლევან კუპატაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ოთხ პირს: ჰუსეინ ჰუმბატოვს, რობერტ ჰარლანდერს, ტელმან პაშანოვს და მაზახილ აბდულაიევს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უცხოეთის 4 მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.
ბრალდებულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის გაფლანგვა ედებათ ბრალად.
პროკურორ ლაშა ფანჩულიძის განმარტებით, ბრალდებულ ლევან კუპატაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენებას აუცილებლად მიიჩნევდა, რადგან პროკურორის თქმით, ბრალდებულს გააჩნია ფინანსური რესურსები, საერთაშორისო კავშირები და არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.
ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 50 ათასი ლარის გამოყენებას ითხოვდნენ.
ბრალდებულმა, ლევან კუპატაშვილის თქმით კი, პროკურორის მიერ წაკითხული ბრალდება ფაქტების მანიპულაციაზეა დაფუძნებული.
“ხდება ფაქტების უხეში მანიპულაცია. ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან უკვე განხილული გვაქვს. რაც შეეხება მიმალვას, შემთხვევა 2023 წელს მოხდა. მე ვარ ის, ვინც პირველმა უჩივლა ამ კომპანიას. ვის უნდა გავურიგდე და ვინ უნდა დავაშინო? მე ვიყავი დაზარალებული მხარე და ახლა რაღაც მიზეზების გამო პროკურატურა სხვაგვარად ფიქრობს. რაც შეეხება საზღვარგარეთ კავშირებს, ისედაც არ ვაპირებ არასად გასვლას. რამდენჯერაც დამიბარეთ მოვედი. ცოტა დასაბუთებასაც თუ დადებთ, დაგიფასდებათ”, – განაცხადა ლევან კუპატაშვილმა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ინფორმაციისათვის, საქართველოს პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია ,,Akkord’’-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.
აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.
მსგავსად შედგენილი, ყალბი აქტების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს. შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს